top of page
Search
  • Writer's pictureSunday Literature

ანი ბაიდოშვილი- მეტამორფოზები უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარში“


„ზაფხულის ღამის სიზმარი“ არის პიესა საზღვრების რღვევასა და მუდმივ ცვალებადობაზე. მასში კომედიის სტრუქტურა ამოტრიალებულია. როგორც წესი, კომედიები ქორწილით გვირგვინდება ხოლმე, აქ კი პირიქით, ყველაფერი თეზევსისა და ჰიპოლიტოსის მოსალოდნელი შეუღლებით იწყება.

თავის წიგნში, “Shakespeare after all”, მერჯორი გერბერი წერს, რომ პიესის სათაური მომდინარეობს 23 ივნისთან, ზაფხულის ნაბუნიობის დღესასწაულთან, დაკავშირებული ფოლკლორული თქმულებებიდან. ამბობენ, რომ წელიწადის ყველაზე მოკლე ღამის განმავლობაში საზღვარი ამქვეყნიურსა და იმქვეყნიურს შორის ყველაზე სუსტია, შესაბამისად მაგიურ ძალებსა და ქმნილებებს უმარტივდებათ რეალურ სამყაროსზე ზემოქმედება (M. Garber 2008). გარდა ამისა, შექსპირის პიესებში ღამე ისედაც ტრანსფორმაციის, ჯადოქრობის, საიდუმლოებებისა და სულების მოქმედების დროა. მაგალითად, მამა ჰამლეტის სული გათენებამდე ჩნდება გუშაგებისა და ჰამლეტს წინაშე, ხოლო მამლის ყივილის გაგონებასთან ერთად უჩინარდება. ასე რომ, 23 ივნისის ღამით შექსპირის პერსონაჟები განსაკუთრებული ინტენსიურობით ცვლიან სამყაროს და გარდაიქმნებიან თავადაც.

„შუაზაფხულის ღამის სიზმრის“ სამყარო შეგვიძლია დავყოთ სამ ნაწილად: პირველი ნაწილი არის ის, რომელსაც მართავს თეზევსი, მეორეს მბრძანებლები არიან ტიტანია და ობერონი, ხოლო მესამე ნაწილს კი ხელოსნების ჯგუფი შეადგენს, რომელსაც კომშა ხელმძღვანელობს. ამ მიკროსამყაროებიდან სამივე გამუდმებით გარდაიქმნება.

თეზევსის სამფლობელო პირობითად ფიზიკურ სამეფოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ, თუმცა ეს პირობითობა პიესის ბოლოს იშლება, როცა პაკი მოგვიწოდებს, თუ პიესით უკმაყოფილოები ვართ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ სიზმარი ვნახეთ და ყველაფერი დავივიწყოთ. თეზევსის სამეფო წესრიგის სამყაროა. აქ დრო ჩვეულად მიედინება. მასში მოქმედებს ყველასათვის გასაგები, ტრადიციული იერარქია და კანონი. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ პიესის ნაირფერი ტრანსფორმაციები სწორედ თეზევსის მიწებზე იწყება. მეფემ ომში დაამარცხა ამორძალთა დედოფალი იპოლიტა და ახლა მასზე დაქორწინებას აპირებს. მტრობა სიყვარულმა შეცვალა, ომი კი მშვიდობამ, მაგრამ მკითხველთა გარკვეული კატეგორიისთვის ცნობილია, რომ ყველაფერი აქ არ მთავრდება. ათენის მეფის ისტორია ამ კონკრეტული პიესის გარეთაც განაგრძობს გარდაქმნას, რადგანაც ვიცით, რომ თეზევსის შემდეგი ცოლის, ფედრას, სიყვარული იპოლიტას ვაჟის, იპოლიტოსის, მიმართ დიდ უბედურებას გამოიწვევს, - კომედია ტრაგედიად გადაიქცევა.

თეზევსის სამეფოს ერთგვარი ანტიპოდია ობერონისა და ტიტანიას მიწები. თუ ათენში მშვიდობა ეს-ესაა დამყარდა, ფერიებთან, პირიქით, ომი ჯერ ახლა იწყება. ომის მიზეზია ტიტანიას პატარა ინდოელი პირისფარეში. რენე ჟერარი თავის წიგნში, „შურის თეატრში“, სწორედ ტიტანიას ობერონისა და ინდოელი ბიჭუნას ურთიერთობის მაგალითზე აღწერს “მიმეტური სურვილის” თეორიას. ამ თეორიის თანახმად, ერთ სუბიექტს ობიექტის მიმართ სურვილები უჩნდება არა იმიტომ, რომ ობიექტი თავისთავადაა სასურველი, არამედ იმის გამო, რომ მეორე სუბიექტის სურვილებს ბაძავს. ჟერარის თანახმად, ობერონს მხოლოდ იმიტომ უნდა ინდოელი ბიჭის მისაკუთრება, რომ ის ტიტანიასთვისაა სასურველი. ასე ყალიბდება მიმეტური სამკუთხედი (Р. Жирар 2021). საინტერესოა, რომ პიესაში სასურველი ობიექტი კონცეფტუალურად კვლავაც დაკავშირებულია ცვლილებასთან. ევროპული ფოლკლორული თქმულებების თანახმად, ფერიები ხშირად იპარავდნენ ადამიანთა ბავშვებს, სანაცვლოდ კი ადამიანებს ფერიის ნაშიერებს უტოვებდნენ. ასეთ მოპარულ ბავშვებს მოიხსენიებენ სიტყვით “changeling”, რაც მერყევ, ცვალებად ადამიანსაც აღნიშნავს (M. Garber 2008).

თუ თეზევსის სამეფო მკაცრი და ყველასთვის გასაგები იერარქიისა და წესების სამყაროა, ობერონის ტყე, პირიქით, ბუნდოვანებისა და ცვლილების ადგილია. აქ დროის მდინარებაც კი უჩვეულოა. მაგალითად, პაკს რამდენიმე წამში მთელი დედამიწის შემოვლა შეუძლია. დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა “wood” მომდინარეობს ძველინგლისური სიტყვიდან “wod”, რაც გიჟს ან შეშლილს ნიშნავს. აქ საგულისხმოა დემეტრიოსის ფრაზა, რომელსაც ის ტყეში, მეორე მოქმედების დასაწყისში ამბობს: “And here am I, and wood within this wood Because I cannot meet my Hermia.”[W. Shakespeare: 2.1] მაჩაბელს ეს ფრაზა ნათარგმნი აქვს როგორც „ლამის მე თვითონ გავტყიურდე, რადგან არ იქნა, ვეღარ ვეღირსე ჩემი ტურფა ჰერმიას ნახვას.“ პრაქტიკულად დემეტრიუსი საკუთარი გონების დაბინდვაზე მიგვითითებს.

საინტერესოა, ობერონის მონოლოგი მეხუთე მოქმედების დასაწყისში, რომელშიც ის აცხადებს, რომ მიჯნურებს და ხელოვან ხალხს „ტვინი უდუღთ.“ გამოდის, რომ გონებადაბინდული ოთხი მიჯნური და ხელოსნები, რომლებმაც დროებით მსახიობობა გადაწყვიტეს, სწორედ ღამით ტყეში იყრიან თავს.

ტყის მაგიურ სამყაროში მოხვედრილი გონებაარეული გმირები გარდაიქმნებიან. ზოგჯერ ბუკვალურ ტრანსფიგურაციასთანაც კი გვაქვს საქმე. ჩნდება კითხვა, ტყეში მომხდარი ამბები სახეცვლილებაა თუ უბრალოდ სიმართლისთვის ფარდის ახდა? მაგალითად, კოჭა პიროვნული თვისებებით მართლაც ვირს გავს და ვირის ყურები უბრალოდ მისი შინაგანი არსის გარეგანი გამოვლინებაა. აქვე აღვნიშნოთ, რომ ტიტანაისა და კოჭას ე.წ რომანი აშკარა ალუზიაა აპულეუსის „ოქროს ვირზე“. ამ ნაწარმოების მეორე სახელი კი „მეტამორფოზებია“ (M. Garber 2008). შესაბამისად, ეს ალუზიაც ცვლილებასთანაა დაკავშირებული.

ტყის სამყაროს მაცხოვრებლებიდან ყველაზე კოლორიტული პერსონაჟია, პაკი, ანუ საყვარელი ბიჭი რობინი. აშკარაა, რომ ეს გმირი დაკავშირებულია ე.წ „ტრიქსტერის“ არქეტიპთან. პიესაში პაკს კლასიკური ტრიქსტერივით ფორმის შეცვლის უნარი აქვს და ოინების მოწყობა უყვარს. ბევრ მითოლოგიურ სისტემაში, მაგალითად ძველ ბერძნებთან და სლავებთან, ტრიქსტერი გაიგივებულია კულტურულ გმირთან, ანუ იმასთან, ვისაც ადამიანთა საზოგადოებაში ცოდნა და წესრიგი შემოაქვს (M. Campbell 2008). ერთი შეხედვით ეს დახასიათება პაკს საერთოდ არ ესადაგება, მაგრამ ახლა ასე განსაჯეთ: ლისანდრე და დემეტრიუსი პრაქტიკულად იდენტური, ურთიერთჩანაცვლებადი პერსონაჟები არიან. ჩვენ ვიცით, რომ დემეტრიუსს ოდესღაც უყვარდა ელენე, თუმცა ერთხელაც მას ჰერმია ამჯობინა. ვერ გამოვრიცხავთ იმას, რომ ოდესმე ლისანდრეს ჰერმია დაეთმო და ელენე შეყვარებოდა. შესაძლოა, პაკმა თავისი „შეცდომით“ ლისანდრეს დაფარული სურვილები გამოააშკარავა.

საინტერესოა ორი სამყაროს ამბივალენტურობა. იქ, სადაც ყველაფერი ცხადი და გასაგებია, ტლანქი კანონები მოქმედებს, რომლის მიხედვითაც ქალი მამას თუ არ დაემორჩილება, მაშინ ის ან სიკვდილით დაისჯება ან მონაზვნად აღკვეცენ. საკუთარი თავის გამოხატვა და გრძნობების აღიარება მხოლოდ იქ შეიძლება, სადაც ყველაფერი გამუდმებით იცვლება, საზღვრები არ არსებობს და გონება შეცვლილ, დაბინდულ მდგომარეობაშია. ამით პიესა ძალიან ემსგავსება რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმს, „სიცოცხლის გამოღვიძებას“. ფილმში მთავარი გმირის სხეული კვდება მისი გონება კი სიზმარს ხედავს, რომელშიც ის აკეთებს და აცნობიერებს იმას, რაც მისთვის სიცოცხლეში მიუწვდომელი იყო. ლინკლეიტერი თავისი ფილმით უბრუნდება ჩჟუან ცის და პეპლის ისტორიას- ვინ ვარ სინამდვილეში: ადამიანი, რომელსაც ესიზმრება, რომ პეპელაა თუ პეპელა, რომელსაც ესიზმრება, რომ ადამიანია.

„საფხულის ღამის სიზმრის“ სამყაროს ის ნაწილი, რომელსაც ხელოსნები შეადგენენ ყველაზე აშკარად განიცდის ცვლილებას. ისინი პიესას დგამენ, ანუ გარკვეულ როლებს ირგებენ და პირდაპირი მნიშვნელობით გარდაისახებიან. საინტერესოა, რომ „პირამოსისა და თისბეს“ გათამაშებით „ზაფხულის ღამის სიზმრის“ მთელი სამყარო კიდევ ერთხელ მთლიანად გარდაიქმნება - ის ვისაც აქამდე ვუყურებდით თავად იქცევა მაყურებლად. „პირამოსი და თისბე“ სიუჟეტურად ძალიან ჰგავს „რომეოს და ჯულიეტას“ ამბავს. ამასთან, „რომეო და ჯულიეტას“ პირველი ნაწილი აშკარად კომედიურია და ის მხოლოდ მეორე ნაწილში იქცევა ტრაგედიად, „ზაფხულის ღამის სიზმარი“ კი პირიქით, სერიოზულად იწყება და კომედიურად მთავრდება. სავსებით შესაძლებელია ეს ორი პიესა ერთმანეთის ამოტრიალებულ ვერსიებადაც კი განვიხილოთ.

ცვლილებები „ზაფხულის ღამის სიზმარში“ უზარმაზარი თემაა და ასეთ ფორმატში საკითხის მხოლოდ ზოგადი დახასიათება შევძელი. უილიამ შექსპირის შემოქმედება თვალუწვდენლად ღრმაა და ამ სიღრმესთან შედარებით მის ნაწარმოებზე დაწერილი ნაშრომი პათოლოგ-ანატომის დასკვნას ემსგავსება. და მაინც, ინგლისელი დრამატურგის საავტორო კურდღლის სოროში თავით გადაშვების და იქიდან ყოველ ჯერზე რაღაც ახალით დაბრუნების შეუდარებელი ფუფუნება ხომ შექსპირის სიყვარულის უთვალავი მიზეზიდან ერთ-ერთია.




248 views0 comments
bottom of page