ნათია ზოიძე- ცნობის-მოყვარეობა როგორც საჩუქარი და წყევლა თბილისის თანამედროვე ბალეტის წარმოდგენა „პანდორა“
- Sunday Literature
- Apr 12
- 2 min read
Updated: Apr 12

ქართული სიტყვა ცნობისმოყვარეობა ორი ფუძისგან შედგება, "ცნობის" ანუ შემეცნების და "მოყვარეობისგან" სიყვარულისგან. ცნობისმოყვარეობით შეიქმნა ყველაფერი რაც კი ადამიანმა შექმნა, უფრო სწორად კი - ადამიანში ცნობის სიყვარულმა, თუმცა კი ეტიმოლოგიურად უწყინარი სიტყვა, ადამიანის განმსაზღვრელი როცა ხდება არამხოლოდ ჯილდოს, არამედ იმთავითვე გარდაუვალ მარცხსაც აღნიშნავს. ცნობის-მოყვარეობა უბიძგებს ადამიანს კვლავ და კვლავ "კეთილის და ბოროტის შეცნობის" ხისგან ნაყოფის მიღებისკენ და ყველა ჯერზე ადამიანმა სიცოცხლით უნდა "ზღოს, რადგან ყველაფერს თავისი ხრიკი აქვს, ცოდნასაც და უცოდინრობასაც, სიბრძნესაც და უმეცრებასაც.
მითიური პანდორას ამბავიც, ამ მისწრაფებისგან მომდინარეობს. ჰეფესტოს მიერ გაჩენილ პანდორას, ზევსმა ორი ურთიერთწინააღმდეგობრივი საჩუქარი გადასცა, ცნობისმოყვარეობა და “რაღაცა” ყუთი, მეტალის, ხის (ვერცხლის, ოქროსი, დოლარის ლარის… - ამას მნიშვნელობა არა აქვს) ეს ოთკუთხა ჩარაზული სკივრი პანდორას “რაციონალური” ცნობისმოყვარეობის გამოცდა გახდა, ვნების დათრგუნვის და ცნობისმოყვარეობისგან გათავისუფლებისკენ მიმავალი “გოლგოთა”.
3 აპრილს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტმა” წარმოადგინა “პანდორა”, სოლო ქორეოგრაფიული კომპოზიცია. თუმცა, ეს განმარტება, რომელიც პროგრამაში თავად იყო გამოტანილი, ვფიქრობ არ არის ზუსტი. წარმოდგენა არც წმინდად ქორეოგრაფიული იყო და არც სოლო, რადგან ეს იყო სპექტაკლი, რომელშიც ყველა შემადგენელ ელემენტს საკუთარი უნიკალური როლი და ფუნქცია ჰქონდა და მხოლოდ ასე იქმნებოდა მთლიანობა. ფანტასტიური ქორეოგრაფიის, შემსრულებლის სილამაზისა და ოსტატობის, მუსიკისა და განათებების როლი, უფრო მეტი იყო ვიდრე “ტრადიციულ” თანამერდროვე საბალეტო წარმოდგენებში გვხვდება.
იგრძნობოდა სტოპარდისეული სპექტაკლის “დამხმარე” ელემენტების გაპიროვნება, ისევე როგორც ამ ელემენტების სრულიად ახლებურად ერთმანეთთან სკრუპულოზურად დაკავშირებით, გენიალურობის და ამავდროულად უბრალო სილამაზის პროპორციული თანაარსებობა. ყველა ელემენტი: განათება, მოცეკვავის საშემსრულებლო მანერა, ვიდეო კოლაჟი თუ მუსიკა - პანდორას ამბავს კი არ ავსებდა, არამედ ყვებოდა. ყვებოდა ადამიანის ჟინის შესახებ, რომელსაც გამუდმებით მეტის ცოდნა სურს და ამ განზოგადებული ჟინის გამოისობით ხდება საკუთარი ცნობისმოყვარეობის და ცოდნისავე მსხვერპლი. ჩაკეტილი წრე, რომელშიც ადამიანი ტრიალებს, ოსტატურად იყო გამოსახული იარაღის განვითარების შესახებ შექმნილ ვიდეო-კოლაჟში.
რატომ იარაღი? რატომ სამხედრო ძალა? ისტორია გვასწავლის იმას, რომ არსებობდა “ჟინი შეცნობისა” (შორეული მიწების ნახვის/ წმინდა რელიგიის გავრცელების, ველურების ცივილიზების, კოსმოსის შეცნობის) და შეცნობის ჟინის დაკმაყოფილების მანერა, რომელიც ძალის შექმნით, გამყარებით და რაფინირებული ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდებოდა. ანუ ძალადობით. ძალადობას კი იარაღი სჭირდება, სწორედ ამიტომ - რამეში თუ დაოსტატდა ადამიანი ყველაზე უკეთ - რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს - ეს სხვათა და საბოლოოდ თვით - განადგურების მარტივი საშუალების შექმნაა.
ქვიდან შუბამდე, ქვეითიდან-კავალერიამდე, კავალერიიდან-არტილერიამდე, არტილერიიდან - ატომურ ბომბამდე, და შემდეგ ისევ ქვასთან დაბრუნებით (ან დაბრუნების საფრთხით). ეს ჩაკეტილი წრეა, რომელიც ჩვენ - პანდორებმა თავად გამოვუშვით ყუთიდან. მოკლედ, ისტორიამ არაფერი გვასწავლა.
სამაგიეროდ და საპირწონედ არსებობს ხელოვნება, რომელიც ალეგორიულად გადმოსცემს ადამიანთა გამუდმებულ წრე-ბრუნვას, და თუკი არაფერი არ არის მიმდინარე პოლიტიკურ-სოციალური მოვლენებისაგან თავისუფალი ყოველდღიურ ყოფაში, ნამდვილი ხელოვნება „დროებითისგან“ „მარადიულს“ გამოცხრილავს. „პანდორა“ ასეთი წარმოდგენაა, ის თვითმყოფადია და ფრაგმეტებისგან შემდგარი ერთი შთამბეჭდავი მთლიანობაა.
დიდი მადლობა შემოქმედებს, მარიამ ალექსიძეს, დავით მაზიაშვილს, ნიკა მაჩაიძეს და თინათინ ბარამიძეს.
ზემორე აღწერა, ცხადია ჩემი სუბიექტური აღქმაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს შემქმნელებისას, თუმცა თავად ფაქტი, რომ ესტონური დასისაგან განსხვავებით პროგრამაზე წარმოდგენის კონცეფცია არ იყო დატანილი, უკვე გულისხმობდა ყოველგვარი ინტერპრეტაციის მიპატიჟებას.
Genie is out of the bottle, and it will either be floating freely in the air or switch to other mind masters
დიდი მადლობა,
თქვენ ფანტასტიურები ხართ !
Comments