top of page
Search

მარიამ ბულისკერია - მარიამ ალექსიძის „ქრისტინე“

  • Writer: Sunday Literature
    Sunday Literature
  • 2 days ago
  • 3 min read

“მაისი იყო, საქმის დღე. მზე საშუადღეოდან დაჰყურებდა დედამიწას. პატარა ბილიკის გადაღმა, ბუჩქნარში იჯდა ყმაწვილი კაცი, ასე ოცისა თუ ოცდაორი წლისა და მოუთმენლად იყურებოდა ერთ მხარეს…”

მაისის რა მოგახსენოთ, მაგრამ ივნისის ერთ დღეს ლადო გუდიაშვილის “ქრისტინე” გაცოცხლდა. უფრო სწორედ ხელოვნებამ გააცოცხლა. მისი სიჩუმე ახლა მოძრაობის ენით გვესაუბრება.

ის ხომ ვიცით, რომ ხელოვნება ხელოვნებით საზრდოობს და უკვდავება მისი დიდი ნიჭია…

სწორედ „ქრისტინეს“ ქორეოგრაფიული დადგმა  გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მეცხრე სეზონის ფარგლებში შედგა, რომლის იდეის ავტორი, დასის სამხატვრო ხელმძღვანელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძე გახლდათ.

ქრისტინეს ისტორია თითქოს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში გავლილიყო და ამავდროულად თითოეული მოძრაობა გუდიაშვილის ფუნჯის მონასმის ტოლი იყო.

თანამედროვე ხელოვნება სულ უფრო ხშირად ირჩევს აუდიტორიასთან უშუალო კავშირს — და ამ შემთხვევაში ჩვენ, მაყურებლები, თანამოზიარეებად ვიქეცით.

ეს უკვე  მხოლოდ განცდა როდია, არამედ პირწმინდა მონაწილეობაა.

სცენაზე დანახული ქრისტინეს მოძრაობა ჩვენს სხეულებშიც განმეორდა.

ეს არ იყო მხოლოდ ქორეოგრაფია — არამედ, ქორეოგრაფიის საშუალებით მისი ცხოვრების ბრუტალურად გავლილი გზის გაშინაგანებული განცდა.

თბილისის თანამედროვე ბალეტის წამყვანმა სოლისტმა ნინო გოგუამ კი საოცარი პლასტიკით შეძლო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ჩანაფიქრის გაცოცხლება. მისი სხეულის თითოეული მოძრაობა ახალ ემოციას ბადებდა. მის შესრულებაში გამოიკვეთა ციკლურობის თავისებური წრე — თითქოს მოძრაობათა განვითარებას გარკვეული მობრუნება ჰქონდა, რომელიც პერიოდულად ბრუნდებოდა და ტილოზე გამოსახული ქრისტინეს  პირვანდელ პოზას  იმეორებდა.

ნინო გოგუას, როგორც ქრისტინეს მზერა დამთრგუნველ სიჩუმეს მოაქვს — სევდით შეპყრობილი თვალები, რომელიც ზურგს უკან დატოვებული ტრაგედიის მდუმარე მოწმეა.

მისი სხეული, ნახევრად შიშველი და ნახევრად დაფარული, როგორც გულზე ამოკრული ჭრილობა, ყვირის წარსულში წართმეული ღირსების შესახებ.

როდესაც ღირსებას შევეხეთ, საგულისხმოა ქრისტინეს პერსონაჟის კოსტუმის ტრანსფორმაცია, რომელიც ქრისტინეს ცხოვრების დეგრადაციის პირწმინდა გამოვლინებაა. მეტად გონივრული გადაწყვეტილებაა ის რომ, დადგმის ბოლოს ქრისტინე ქვედაბოლოს გარეშე რჩება, რაც მისი ცხოვრებისეული ღირსების დაკარგვის სიმბოლოა.

 მაგრამ, ამაყად აწეული სხეული კი არც იხრება: ის დგას მტკიცედ, როგორც მეჩხერ შუქში ჩარჩენილი ბედი, რომელიც თავის თავზეც ტვირთად ატარებს ყველა ქალის უჩუმარ ტკივილს. ასე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუდიაშვილის ფუნჯით შექმნილი მელანქოლია ახლა მოცეკვავის სხეულით გამოხატული განცდა გახდა.

მუსიკა… მუსიკა გახლდათ ის უხილავი ძაფი და წამყვანი მედიუმი, რომელიც მაყურებელს თითოეულ მომენტში ქორეოგრაფიასთან ერთად დაუფიქრებლად ითრევდა ამ ტრაგედიის მორევში. ნიკა მაჩაიძის ორიგინალური კომპოზიცია, შთაგონებული გია ყანჩელის მუსიკალური ნაწარმოებებით, ქმნიდა ისეთ ემოციურ მუხტს, რომ თითქოს მუსიკალური ტალღა გულიდან პირდაპირ სივრცეში გადიოდა და იქმნებოდა საერთო გულის ფეთქვა სცენასა და მაყურებელს შორის. ემოციურად დატვირთული კომპოზიცია, იდეის სრულყოფილების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო,რომელიც ჩვენც ამ ტრაგედიის მცირედ ანასხლეტად გვაქცევდა.

განათება იქცა მეხსიერების წამყვან ხაზად: სინათლე და ჩრდილი რითმულად ემოსებოდა ქრისტინეს ცხოვრებას. ფერებისა და ჩრდილოვანი კონტრასტების თამაშმა ემოციური ეპიზოდები მძაფრად გამოკვეთა – ერთი თვალის მოციმციმე სხივიც საკმარისი იყო, რომ მაყურებელი ახალ განცდას დაუფლებოდა.

განათება ქორეოგრაფიაში უბრალოდ ტექნიკური ელემენტი არ არის — ის მეორე პერსონაჟია, უხილავი ქორეოგრაფი, რომელიც პლასტიკით მოყოლილ დრამას შინაგან მექანიზმად ემთხვევა. წითლად ანთებული პროჟექტორები თითქოს ქრისტინეს სპირიტუალურ ვაკუუმს აცოცხლებენ, იჭრებიან მოცეკვავის თლილ სხეულზე და უსვამენ ხაზს მის ყოველ მოძრაობას. საგამოფენო სივრცის  საერთო ფონის — პასაჟების სინათლესთან თამაშით — ქმნის სამყაროს, სადაც სინათლე და ჩრდილი ერთმანეთს ებრძვის, როგორც ქრისტინეს მორალური დაცემა და ამბოხი, ბედისწერასთან  არსებული იდეოსინკრაზია და ტრანსცენდენტირება.

მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ დადგმა თავად ლადო გუდიაშვილის საგამოფენო სივრცეში შესრულდა – იქ, სადაც ფერწერა სახლობს. ქორეოგრაფიული წარმოდგენა ტილოების გარემოცვაში ვითარდებოდა და შეიქმნა ისეთი ატმოსფერო, რომ გეგონებოდა, თვით გუდიაშვილიც იქ იდგა – შეუმჩნეველი ჩრდილიდან აკვირდებოდა ქრისტინეს ხელახლა დაბადებას.

თანამედროვე ბალეტი უკვე დიდი ხანია ტოვებს ტრადიციულ ფორმებს და წარმოადგენს თანამედროვე ხელოვნების რევოლუციას – ინოვაცია, აბსტრაქცია და ემოციური გამოხატვის თავისუფლება მის მთავარ იარაღად იქცა.როგორც თანამედროვე მხატვრობამ უარყო აკადემიური წესების სიმკაცრე, ისე თანამედროვე ქორეოგრაფიაც ეძებს ახალ ფორმებს, აზრსა და სხვადასხვა მედიუმის ურთიერთგადაკვეთას, რათა ქორეოგრაფია აქციოს ძლიერ ვიზუალურ ენად. თანამედროვე ბალეტი, როგორც ხელოვნების სხვა დარგები სულ უფრო ხშირად ირჩევს აუდიტორიასთან უშუალო კავშირს.

და სწორედ ამ ხელოვნების რევოლუციის ნაწილი გახდა მარიამ ალექსიძის განსხვავებული და თანამედროვე ხედვა. იგი არ ქმნის მხოლოდ ქორეოგრაფიას – ის თითქოს ახალ სიტყვას წერს თანამედროვე ქართულ ბალეტში. მისი ინოვაციური ხედვა თავისუფალი, თამამი და ღრმად კონტექსტუალურია, რაც არა მხოლოდ მოძრაობას ასხამს ხორცს, არამედ ხელოვნების ახალ ფორმებს არტისტულ სიცოცხლეს.

დღეის შემდეგ, ქრისტინე აღარ არის ჩემთვის მხოლოდ ფერწერული ტილო, არამედ უშუალო კავშირი- არა ერთი ავტორისა და ერთი მნახველის, არამედ ხელოვნებისა და დროის სინქრონული თანაარსებობა.

ის გვაჩვენებს, რომ ხელოვნება უკვე აღარ ეძებს აუდიტორიას, ის გვეძებს ჩვენ — ჩვენს ემოციას, ჩვენს სხეულს, ჩვენს გრძნობას.

და თითქოს ქრისტინემ მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული დადგმის მეშვეობით ტილოდან დაიძვრინა თავი და პირადად მოგვიყვა მისი ტრაგედია.

 


 
 
 

Comments


Join my mailing list

Thanks for submitting!

© 2020 by Sunday Literature.

bottom of page