ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ გაგიმართლებდათ, თუ ისეთი რეჟისორის ეპოქაში მოგიწევდათ ცხოვრება, რომელსაც გამბედაობა ეყოფოდა და სიმართლეს თამამად იტყოდა ყველგან და ყოველთვის?! ვინც ისეთ სპექტაკლებს დადგამდა, რომელიც მსოფლიოს აალაპარაკებდა და გააოცებდა?! ჰოდა, თუ იმ ეპოქაში ცხოვრობთ, სადაც არსებობს კაცი სახელად რობერტ სტურუა, მაშინ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ იღბლიანი ყოფილხართ. და თუ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ხართ და იმის საშუალება გაქვთ, რომ მისი შექსპირისეული დადგმები ნახოთ და ამ დადგმების შესახებ ლექციები თსუ-ს გამორჩეულმა სტუდენტებმა წაგიკითხონ, მაშინ მთლად მოსალოცად გქონიათ საქმე.
ჩემი აზრით, ხელოვნებაში შეგრძნებაა მთავარი. შეგრძნება იმისა, რომ ის, რასაც უყურებ, შენი რეალობის ცოცხალი ნაწილია და შენთან ერთად სუნთქავს. თუ ეს იგრძენი, ამის შემდეგ გულითაც რომ გინდოდეს, ვეღარც თეატრში სიარულს დაანებებ თავს და ერთსა და იმავე სპექტაკლსაც იმდენჯერ ნახავ, სანამ მსახიობების ყველა რეპლიკა არ გეცოდინება ზეპირად. თეატრი რომ „ცოცხალია“, მე ამას უნივერსიტეტში მივხვდი ჩემი ინგლისური ლიტერატურის ასოცირებული პროფესორის, დავით მაზიაშვილის დახმარებით (ამის შემდეგ, სადაც მისი ხსენება დამჭირდება, ყველგან დათოს ვიტყვი, იმიტომ არა, რომ ვინმეზე ნაკლებ პატივს ვცემ...მოკლედ, ვინც იცნობს, მიხვდება, რატომაც და ვისაც მისი გაცნობის ბედნიერება გაქვთ წინ, ისინიც მალე მიხვდებით ყველაფერს). ჰოდა,მიჩვევა იცის თეატრმა-მეთქი, ვამბობდი და ძალიან ხშირად მიფიქრია იმაზე, მე რომ ეს ყველაფერი სკოლის ასაკში მენახა, როგორ გამიმართლებდა.
ჩემი გამართლებისა რა გითხრათ,მაგრამ 2015 წლის 23 აპრილს რუსთაველის თეატრში შეკრებილ სკოლის მოსწავლეებს რომ ძალიან გაუმართლათ, ამას, მგონი, ჯერ თვითონაც ვერ ხვდებოდნენ კარგად. წეღან ვახსენე, თეატრს რომ მიეჩვიო, უნდა იგრძნო,როგორც ცოცხალი ნაწილი, რომელშიც წარსული, აწმყო და მომავალი ერთდება-მეთქი და დათომაც აქედან დაიწყო. ჯერ ექსკურსია იყო რუსთაველის თეატრში თავისი მომაჯადოვებელი აურით და კოსტიუმებით, “ქიმერიონითა“ და უნიკალური ფრესკებით. შემდეგ ვინც უკვე ვიცოდით, რა მიზიდულობა ჰქონდა თეატრს, ისინი დავდიოდით მუზეუმში და ვეცნობოდით სტურუას „მეთორმეტე ღამის“ მასალებს, რათა ერთ-ერთ ჩვენგანს იმათთვის მოეყოლა,ვისაც ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდა. შემდეგ დაიწყო სტურუასისეთი ლეგენდარული სპექტაკლების ვიდეოჩვენება, როგორებიცაა: „ჰამლეტი“, “რიჩარდ მესამე“, “მეფე ლირი“ და „შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“. 9 მაისს რობერტ სტურუასთან შეხვედრაც შედგა და ბავშვებმა ისე ლაღად და თავისუფლად წაიყვანეს საუბარი, ჩვენ, უკვე დიდებიც რომ ვერ შევძლებდით ასე,ჰოდა , ვისხედით წყნარად და გვეღიმებოდა.
ყველაზე მთავარი მაინც პროექტის დახურვა იყო 9 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ადგილიც არ იყო შერჩეული შემთხვევით, იმიტომ რომ რუსთაველის თეატრი და პირველი უნივერსიტეტი ის სივრცეა, რომელშიც არცთუ იშვიათად საუბრობენ იდეებზე.უნივერსიტეტი ხომ თავადაათავისუფლების იდეა. ერთთვიანი ფიქრის შემდეგ ბავშვებს თავისი ნაფიქრი და ნაგრძნობი უნდა გაეზიარებინათ ჩვენთვის. ჰოდა, შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ბავშვებმა ყველაზე მთავარი გაიგეს. გაიგეს, რომ ერთი პატარა გოგოს ნათქვამისა არ იყოს, ჰამლეტი მართლა არასოდეს კვდება, რომ ხანდახან როცა რიჩარდისნაირი ტირანები გამოჩნდებიან და დროთა კავშირი დაირღვევა, სადღაც ყოველთვის იქნება სულ მცირე ერთიჰამლეტი მაინც, რომელმაც სიმართლე იცის და ამ სიმართლის რიჩარდისნაირ ტირანებს ყველაზე მეტად ეშინიათ.
პროექტის მთავარი მიზანი რომ მიღწეული იყო, ამას ყველა მიხვდა, იმიტომ რომ იმ დღეს, დათოს წყალობით, ყველას თავისი წილი შექსპირი, სტურუა და უნივერსიტეტი მიჰქონდა სახლში.
Comentarios