top of page
Search

გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო - ანუ დიალოგი“მომავლიდან” - “მომავალში” - თათია სიბაშვილი

Writer: Sunday Literature
Sunday Literature
Jul 18
2 min read

30 ივნისს, შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე “თბილისის თანამედროვე ბალეტის” საიუბილეო, მეათე - ზაფხულის სეზონის პრემიერა გაიმართა. საღამო ორ ნაწილად იყო დაყოფილი. პირველ ნაწილში დასმა გიორგი ალექსიძის თანამედროვე ბალეტი - “დიპლიპიტო” წარმოადგინა, რომელიც გია ყანჩელის მუსიკაზე დაიდგა.   მეორე ნაწილში კი მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის -“VOYAGER” პრემიერა ვიხილეთ, რომელიც დავით მაზიაშვილის იდეისა და კონცეფციის საფუძველზე შეიქმნა და რომელიც ქორეოგრაფმა ოსკაროსანი კომპოზიტორის დარიო მარიანელის მუსიკაზე  დადგა.

აღსანიშნავია, რომ იტალიელ კომპოზიტორთან მარიამ ალექსიძემ და დავით მაზიაშვილმა უკვე მეორედ ითანამშრომლეს. პირველად მარიამ ალექსიძემ მის მუსიკაზე დასის სარეპერტუარო სპექტაკლი “ბეატრიჩე” დადგა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დარიო მარიანელიმ ამ ბალეტისთვის, რომელიც დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ მიხედვით არის შექმნილი, მუსიკა სპეციალურად დაწერა. 

„ბეატრიჩემ“ უამრავი გამოხმაურება მოიპოვა, მათ შორის კი ჯილდო, რომლითაც რომში, ფლორენციის სასახლეში, დანტე ალიგიერის საზოგადოებამ  მარიამ ალექსიძე, დარიო მარიანელი და დავით მაზიაშვილი დააჯილდოვა. მათ ოქროს  მედლები და საპატიო სიგელები გადაეცათ.  

თამამად და თავდაჯერებულად ვიტყვი - გიორგი ალექსიძის სახელობის “თბილისის თანამედროვე ბალეტს” ინტელექტუალური, მომზადებული მაყურებელი სჭირდება. ეს ის თამასაა, რომელიც დასმა პირველივე სეზონში დააწესა და ეს თამასა დაბლა არასდროს დაუწევია. ათი სეზონის თავზე, ისიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ სპექტაკლზე მისულმა მაყურებელმა იცის რას უნდა ელოდოს და ისიც იცის, რომ იქ მხოლოდ თავშესაქცევად კი არა, არამედ მაღალი, გემოვნებიანი ხელოვნების სანახავად მიდის, რომელზე ფიქრიც სპექტაკლის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მოუწევს.

ათი სეზონის განმავლობაში ისიც ვისწავლეთ, რომ შემთხვევით არასდროს შედგება რეპერტუარი, მით უფრო როცა საქმე მარიამ ალექსიძეს და დავით მაზიაშვილის ჩანაფიქრს ეხება. რატომ მაინცდამაინც “დიპლიპიტო” და “VOYAGER” ? რა კავშირია ამ ორს შორის ? ამაზე მანამდე ვფიქრობდი, სანამ პრემიერაზე მივიდოდი და სპექტაკლის ბოლოს ჩემი პასუხი ვიპოვე.

1999 წელს დადგმულ სპექტაკლში, გიორგი ალექსიძემ ისეთი უნივერსალური თემა, მუსიკა და მასთან ერთად ისეთი თამამი - პოსტმოდერნისტული კოსტიუმები შემოგვთავაზა, რომელიც ფაქტობრივად გზავნილი იყო მომავალში. დიალოგი თანამედროვე სამყაროსა და ხელოვნებასთან. მისი ნოვატორობა, მუსიკისადმი უფაქიზესი მოპყრობა და უნარი - ისე შეერჩია საკუთარი ბალეტისთვის ნაწარმოები, რომელსაც ადამიანი განცვიფრებაში მოჰყავდა ამოუხსნელი დარჩა. აკი ერთხელ გაიხსენა ნიალა გოძიაშვილმა უამრავჯერ მიკითხავს რატომ ამოირჩია ესა თუ ეს მუსიკა სპექტაკლისათვის და მისგან პასუხად მხოლოდ ღიმილი და სიჩუმე მხვდებოდა, მაშინ როცა სხვა ქორეოგრაფები საათობით მოჰყვებოდნენ ხოლმე თავიანთი შთაგონების წყაროს შესახებო.

            მე არ ვიცნობდი გიორგი ალექსიძეს მაგრამ ის ალბათ ცაში მაცქერალი კაცი უნდა ყოფილიყო. მომავლის კაცი, რომელმაც ერთხელ, 1999 წელს საოცარი “დიპლიპიტო” დადგა ( და არა მხოლოდ). ასეთივე ცაში მაცქერალი, მომავლის ქორეოგრაფია მისი შვილიც - მარიამი - რომელმაც მამასთან გასაუბრება ამ სეზონზე “VOYAGER”-ით სცადა და მომავალში გაიჭრა. უწონადობაში მოფრიალე სხეულებით, მბზინავი კოსტიუმებით, საოცარი განათებით და მუსიკას მიყოლილი მოძრაობებით.

 


 
 
 

Comments


Join my mailing list

Thanks for submitting!

© 2020 by Sunday Literature.

bottom of page