ავტორი : თათია სიბაშვილი
ფოტო : ნანუკა ჯაფარიძე
ხომ გიფიქრიათ ისეთ ადამიანებზე დიდ რამეებს რომ აკეთებენ ხოლმე კულტურასა და ხელოვნებაში...რა უნდოდათ, როგორ უცხოვრიათ, რა უხაროდათ და სწყინდათ...ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა გასულ საუკუნეში ვინ იცის როგორ წარმატებულ დიპლომატიურ კარიერაზე თქვა უარი და მთელი ცხოვრება ხელოვნებას მიუძღვნა.ეს ადამიანი რეზო თაბუკაშვილი იყო - საზოგადო მოღვაწე და შექსპირის სონეტების არაჩვეულებრივი მთარგმნელი, რომელმაც ერთხელ ისიც თქვა - პატრიოტობა პროფესია არ არის - პროფესიონალიზმია პატრიოტიზმი.ის პროფესიონალიზმი რომელსაც შენს სამშობლოს მოახმარო და მგონი რაზეც უნდა მოგიყვეთ იმ თემას ეს სიტყვები იდეალურად შეეფერება.
ხანდახან ხდება ხოლმე განგების ან იღბლიანი დამთხვევების წყალობით, როცა რომელიმე ადგილს დაებედება გამორჩეული ადამიანების მოღვაწეობა. რუსთაველის თეატრის ისტორიას და რეჟისორებს თუ გადავხედავთ, მივხვდებით რომ თითქოს მას თავიდანვე ხვდა წილად გამორჩეული ყოფილიყო და თამამად ეთქვა სცენიდან ის რასაც ფიქრობდა. არც საუკეთესო რეჟისორების ნაკლებობას უჩიოდა თეატრი და აკი წერდნენ კიდევაც რუსთაველის თეატრი ნამდვილი ეროვნული თეატრია. რუსთაველის თეატრი ეროვნულია თავისი ფორმით, საერთაშორისო თეატრია თავისი მხატვრული მნიშვნელობითო და ასეთი ეროვნულობის შენარჩუნების გამო შეიწირა ალბათ საბჭოთა რეპრესიებმა სანდრო ახმეტელი. მეოცე საუკუნის 70-იან წლებში რეჟისორის პულტთან უკვე რობერტ სტურუა აღმოჩნდა რომელმაც თავისი პოსტმოდერნისტული სპექტაკლებით „მეფე ლირი“, „რიჩარდ მესამე“, „კავკასიური ცარცის წრითა“ და ბევრი სხვით მსოფლიო გააოცა და აალაპარაკა. პირადად ჩემთვის, რობერტ სტურუა ისეთი ხელოვანი და შემოქმედია, რომელიც ყოველ ჯერზე ახერხებს გამაოცოს, მაშინაც როცა თითქოს ახალს არაფერს მოველი და ჩემი ნათქვამი გადაჭარბებული ნამდვილად არ არის.
ეს ამბავიკი რაზეც უნდა მოგიყვეთ,მაინცყველაზე მეტად იმ ადამიანებზეა ვინც უანგაროდ აკეთებს ხოლმე აი,ისეთ რამეებს წეღან რომ ვახსენე. ასეთი ადამიანები იყვნენ წარსულში და ასეთები არიან ახლაც, ჩვენს გარშემო, მაგრამ ხანდახან დრო გვჭირდება რათა სათანადოდ დავაფასოთ და აღვიქვათ,ან შეიძლება თავად არ უყვართ ხოლმე ყურადღების ცენტრში ყოფნა.
გავა დრო და ვიცი, ამ პროექტის ავტორზეც, რომელსაც „სტურუას შექსპირის სამყარო სკოლებში“ ჰქვია აუცილებლად დაწერენ, უკვე ამაზე ბევრი რამ რომ ექნება გაკეთებული, მაგრამ მე მინდა ახლავე ვთქვა იმიტომ კი არა რომ ჩემი ლექტორია, არც იმიტომ რომ ძალიან მიყვარს, უბრალოდ ასე მიმაჩნია საჭიროდ და არ მინდა მხოლოდ წლების შემდეგ დავწერო, რადგან, ყველაფერთან ერთად დროს კიდევ ერთი ცუდი თვისება აქვს მოგონებებს და შთაბეჭდილებებს აფერმკრთალებს ხოლმე რაც არ უნდა ძალიან ვეცადოთ მათ შენარჩუნებას.
პროექტი „ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში“ 2013 წელს დაიწყო და იმ სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი ვისაც უყვარს თეატრი, შექსპირი და ლიტერატურა.პირველად მათ ნახეს შექსპირის პიესების მიხედვით დადგმული სტურუას სპექტაკლები. შემდეგ გადაწყდა, რომ ეს ყველაფერი თბილისში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკეთდებოდა და ორიათასთექვსმეტში, როცა პროექტი რეგიონებში გავიდა და იქ ძალიან ბევრჯერ ჰკითხეს მის ავტორს - დავით მაზიაშვილს რატომ გადაწყვიტეთ რეგიონებიცო, ეღიმებოდა და ამბობდა, იმიტომ რომ არ მინდოდა ეს ყველაფერი მხოლოდ ელიტარული ან მხოლოდ თბილისის სკოლებისთვის ყოფილიყოო. ისე ერთი შეხედვით, მგონი ცოტათი უცნაურია, რატომ უნდა აკეთებდეს ამ ყველაფერს ადამიანი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. ამაზე რომ პასუხი გაგცეთ უფრო შორიდან უნდა დავიწყო და იმაზე მოგიყვეთ რაც 2013 წლამდე და ამ პროექტების სერიებამდე გაცილებით ადრე იყო. მაშინ, წლების წინ, „საკვირაო ლიტერატურული კლუბის“ იდეა გაჩნდა და ამ ყველაფრის ავტორი თავადაც მგონი კარგად მიხვდებით და აღარ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ დათო იყო. ეს კლუბი დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს და მიუხედავად იმისა რომ იდეის ავტორი და ხელმძღვანელი უკვე სტუდენტი აღარ არის, ლექტორია და გადატვირთული გრაფიკი აქვს, მაინც ახერხებს ხოლმე უქმე დღის ნაწილი ისეთ სტუდენტებს დაუთმოს, ვისაც ლიტერატურა, თეატრი და ხელოვნება უყვარს და მასზე სალაპარაკოდ სალექციო საათები არ ჰყოფნის. ზემოთ რუსთაველის თეატრზე ვთქვი დაებედა გამორჩეული რეჟისორები მეთქი. თსუ-ის მეხუთე კორპუსის შექსპირის კაბინეტსაც ასეთივე ბედი ხვდა წილად. უნივერსიტეტი მარტო შენობა კი არ არის, უნივერსიტეტი პიროვნებებზე, ადამიანებზე დგას და ამიტომაც მოვიდა აქამდეო, ერთხელ თვითონაც აღნიშნა. მე სულაც არ მჭირდება დროის გასვლა, რომ ვიცოდე, დათო ერთ-ერთია ვისზეც დღევანდელი უნივერსიტეტი დგას. ამას რომ წაიკითხავს, არ მოეწონება და მეტყვის რომ მსგავსი რამეების თქმა საჭირო არ არის, მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში ბედმა გამიღიმა და საშუალება მეძლევა მე მოვყვე ამბავი, თავს ამის თქმის უფლებასაც თამამად ვაძლევ.
თუ რატომ სტურუას შექსპირის სამყარო და არა პირიქით, ამაზე თავად პროექტის ავტორი აღნიშნავს, რომ იმდენად დიდია სტურუას წვლილი თანამედროვე თეატრალური დადგმების ისტორიაში რომ მის მიერ შექმნილ სამყაროს თამამად შეგვიძლია ასე ვუწოდოთ, ეს სტურუას მიერ დანახული შექსპირია და იმიტომ. მოკლედ, მე იმაზე უნდა მოგიყვეთ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი რეგიონებში და მგონი დროა დავიწყო...
პროექტი სახელწოდებით „სტურუას შექსპირის სამყარო რეგიონებში“ თებერვალში დაიწყო და ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოს სამი ქალაქი მოიცვა: გორი, ქუთაისი და ზუგდიდი.ამ ხნის განმავლობაში თქვენ მონა-მორჩილსაც საშუალება ჰქონდა ამ პროექტის რეჟიმით ეცხოვრა და ყოველ კვირასდავდიოდით რეგიონებში სადაც სხვადასხვა სკოლის ბავშვები ისმენდნენ ლექციებს ისეთ სპექტაკლებზე როგორიცაა „ჰამლეტი“,“რიჩარდ მესამე“, “მეფე ლირი“ და „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“. დასაწყისი წარმატებული აღმოჩნდა ბავშვები და მათთან ერთად ერთ-ერთი სკოლის პედაგოგიც დაინტერესდა ამ პროექტით და ყველა ვიდეოჩვენებას დაესწრო. ვიდეოჩვენებების შემდეგ ბავშვები რუსთაველის თეატრშიც იყვნენ და „იულიუს კეისარიც“ ნახეს დიდ სცენაზე.
შემდეგი გაჩერება ქუთაისი იყო და ერთი მწერლისა არ იყოს, აბა მე ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, მაგრამ არც გაჩუმება მეპატიება, იმიტომ რომ ქუთაისი სხვანაირი ქალაქია, ძველი ნაცნობივით შინაურულად რომ მიგიღებს და ამჯერადაც არ მოხდა სხვანაირად. ქუთაისზე კიდევ იმიტომ უნდა დავწერო, რომ იქ ელისო ფანცხავა დაგვხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც შეყვარებულია თავის ქალაქზე და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ იქაურებს ხელოვნება და ლიტერატურა შეაყვაროს. კიდევ იმიტომ უნდა დავწერო, რომ პროექტი პირველ სკოლაში ჩატარდა,ისეთ ადგილას სადაც ისინი სწავლობდნენ ვისაც დიდი საქმეები უკეთებია ქვეყნისთვის და ამის დასამტკიცებლად აკაკი წერეთლის,ნიკო ნიკოლაძის,ექვთიმე თაყაიშვილის, დავით კაკაბაძის და დიმიტრი უზნაძის ხსენებაც საკმარისი იქნება. არადა, ეს მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობაა იმათი ვისაც აქ უსწავლია.ქუთაისში მარტო სკოლის მოსწავლეები არ დაგვხვედრიან, ის სტუნდენტებიც იყვნენ ვისაც შექსპირი უყვარს და ყოველ კვირას მოლოდინით სავსე დარბაზი გველოდებოდა.
ჰოდა, დაგვხვდა ქუთაისი ისე როგორც იცის ხოლმე,თბილად,ორგანიზებულად...
ვიდეოჩვენებების გარდა პროექტში მონაწილე მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ არა მარტო სპექტაკლები ენახათ, არამედ თავად შექსპირის პერსონაჟს შეხვედროდნენ და მისეული ხედვა მოესმინათ, გაეგოთ თუ როგორია მსახიეობის მიერ გააზრებული ესა თუ ის პერსონაჟი, რომელთა მსგავსები არა მარტო წარსულში, არამედ დღესაც შეგვიძლია ჩვენს გარშემო დავინახოთ და ვიცნოთ. რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობი ქალბატონი ლელა ალიბეგაშვილი, რომელიც „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთში“ ოლივიას როლს ასრულებს სწორედ ამაზე ესაუბრა ბავშვებს. მათთან საუბრისას ქალბატონმა ლელამ თქვა- მსახიობის ცხოვრება ისეთია მისი ბედნიერი მომენტები რომ შეკრიბო, შეიძლება სულ ათი წუთი გამოვიდეს, მაგრამ ეს მძიმე მუშაობა ამ ბედნიერ წუთებად ღირსო. ქალბატონმა ლელამ ისიც უთხრა ბავშვებს, რომ თეატრი შემეცნებაა და სწორედ ეს არის ამ პროექტის მთავარი ღირსებაც ამის საშუალებას რომ გაძლევთო. თავად არაჩვეულებრივ მოცეკვავეს ბავშვობაში „კავკასიური ცარცის წრის“ ხილვის შემდეგ გადაუწყვეტია,რომ პლასტიკა საკმარისი აღარ იყო მისთვის,საჭირო იყო სიტყვებიც და ამიტომ გადაწყვიტა მთელი ცხოვრება მსახიობობისა და თეატრისთვის მიეძღვნა,რასაც რასაკვირველია არ ნანობს.
პროექტის ბოლო, დასკვნითი ნაწილი სამეგრელოში შედგა და ჩვენი სამთვიანი მოგზაურობაც დასრულდა.უამრავი საინტერესო ადამიანის გაცნობით, ისეთ ბავშვებთან შეხვედრით ვისი სკოლაც საერთოდ არ მონაწილეობდა პროექტში, მაგრამ მაინც ყოველ კვირას ვხედავდით ხოლმე დარბაზში. ამ სამი თვის განმავლობაში იმასაც მივხვდით, რომ ბავშვებში უზარმაზარი პოტენციალია და მათ უფრო მეტი მსგავსი საგანმანათლებლო პროექტი სჭირდებათ რათა განვითარდნენ და სკოლის ასაკშივე მიეჩვიონ იმას რაც მეც ძალიან მაკლდა და მხოლოდ უნივერსიტეტში შევივსე ეს დანაკლისი ისევ დათოს წყალობით. ამ სამი თვის განმავლობაში გავიცანით ბავშვები, ვისაც აქამდე შესაძლოა შეხება არ ჰქონია თეატრთან თუმცა ამ პროექტის შემდეგ დაინტერესდა და ყოველ კვირას ელოდა საინტერესო ლექციებსა და ვიდეოჩვენებს.
და მაინც, ვისაც ოდნავ მაინც ეჭვი ეპარება იმაში, რომ შეიძლება ვიღაც ყველაფერ ამას უანგაროდ აკეთებდეს მათთვის მე ამ ყველაფრის ჩემეული ახსნა მაქვს. ეს ყველაფერი იმად ღირს რომ პროექტის დასრულების შემდეგ, როცა ბავშვების ნაწერებს კითხულობ, გრძნობ რომ რაღაც შეძელი, აფიქრე და განაცდევინე. ვიღაცამ პირველად გაბედა და დაწერა ან სულაც ჩუმადაა, მაგრამ იცის რომ რაღაც ღირებულს მიაგნო, რაღაც ფასეული იგრძნო. ის, რის გარეშეც ეს ისედაც პრაგმატული ცხოვრება ძალიან რთულია .ლიტერატურის, ხელოვნების, თეატრის სიყვარულის გარეშე. ხელოვნებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და გრძნობს,ამიტომაცაა ისეთი როგორიც არის-უნიკალური და მრავალფეროვანი.ზოგიერთი ადამიანი სწორედ იმისთვის ცხოვრობს რათა გრძნობდეს და უყვარდეს.ოღონდ ეს ისეთი სიყვარულია დაფარვა რომ არ სჭირდება, პირიქით, ყველას უნდა გაუზიარო, გადასდო, შეაჩვიო და მაშინ, ცხოვრება იმაზე უკეთესი იქნება ვიდრე არის.ეს პროექტიც ხელოვნების სიყვარულზეა, სტურუასეულ შექსპირის სიყვარულზე და არც ამ სიყვარულს უნდა დაფარვა. ჰოდა, ამიტომაც არ დავმალე და მოგიყევით.
Comments