ავტორი: სოფო გამდლიშვილი
“იყო მკითხველი ეს თავისთავად სასწაულია,მკითხველი–ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი” – გურამ დოჩანაშვილი
2014 წელი გამომცემლობა "დიოგენე"-ს ინიციატივით "წიგნიერების წლად" გამოცხადდა. საქართველოში სულ უფრო იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთათვისაც ლიტერატურა ერთგვარი დამატებითი განზომილება და უფერული ცხოვრების გაფერადების მცდელობაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებელის პროექტი "ჩემი წიგნი", რომელიც ერთგვარ მარათონს წარმოადგენს, მარათონს რომელშიც მკითხველი აირჩევს საყვარელ ნაწარმოებს და იტყვის -"ეს ჩემი წიგნია!".
აწ უკვე გასული წლის 28 დეკემბერს ,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საკვირაო ლიტერატურულმა კლუბმა" ინგლისური ლიტერატურის ლექტორისა და ფილოლოგიის დოქტორის დავით მაზიაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტს საკუთარი წიგნი წარულდგინა: ვირჯინია ვულფის "მისის დალოვეი". აღსანიშნავია, რომ კლუბმა ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო საღამო გამართა, როგორიცაა "ოთხი დღე სტურუას შექსპირის სამყაროში", შეხვედრები ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან და რაღა თქმა უნდა დაუსრულებელი დისკუსიები საყვარელ ნაწარმოებებთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი ასეთი დაუვიწყარი საღამოთაგანი იყო მისის დალოვეის და მისი ცხოვრების განხილვა სხვადასხვა ჭრილში. სტუდენტებმა სიღრმისეულად გაითავისეს ნაწარმოებში არსებული ძირითადი პრობლემები და მათი ამსახველი პრეზენტაციები შესთავაზეს მაყურებელს. პროექტში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც უფროსი, შედარებით გამოცდილი და უფრო მეტად "ლიტერატუტით მოწამლული" სტუდენტები, აგრთვე დაბალ კურსელებიც. წარმოდგენილი იქნა ოთხი პრეზენტაზია, რომელთა ავტორები იყვნენ დამამთავრებელ კურსისის სტუდენტები: მარიამ ღამბაშიძე, თამარ კახნიაშვილი, მადუ მარუაშვილი, ნინო ნადირაძე და ხატია ბუსკივაძე. პრეზენტაციებმა მოიცვა ისეთი საკამათო საკითხები, როგორიცაა: მისის დალოვეის გაორებული ბუნება,პერსონაჟების გაუცხოვება გარე სამყაროსთან, პრობლემა "ვინ თუ რა" ანუ მატერიალური და სულიერი ღირებულებების დაპირისპირება და რაღა თქმა უნდა ნაწარმოების ე.წ "ბნელი მხარე" გნებავთ სასოწარკვეთა-სეპტიმუს სმიტი.გადაცემის გადაღებამ საათი და ოცდაათი წუთი გასტანა, ამ ხნის განმავლობაში გაიმართა საინტერესო პოლემიკა პრეზენტატორებსა და დამსწრე სტუდენტებს შორის. გაიჟღერა ბევრმა აქამდე უცხო მოსაზრებამ და ერთი შეხედვით პარადოქსულმა იდეებმა.
პროექტის ფარგლებში იგეგეგმება სხვა გადაღებებიც, რომლებიც მოიცავს "საკვირაო ლიტერატურული კლუბის" შემოქმედებითი ასპექტების მაყურებლისთვის მიწოდებას, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მთავარი მიზნის- საზოგადოებისათვის წიგნის შეყვარების განხორციელებას.
“წიგნი ქართველებისთვის მთავარი ჯადოსნური გამოგონებაა, რადგან ჩვენ ისე გვიყვარს სასწაულები, რომ გამუდმებით სასწაულებს ველოდებით. ამაზე დიდი სასწაული კი რა უნდა იყოს – გადაშლი წიგნს და სადაც გინდა იქ გაფრინდები, ნებისმიერ დროში იმოგზაურებ, ნებისმიერ ადამიანთან იმეგობრებ, ნებისმიერ ქალს შეუყვარდები, მთავარია შენ გიყვარდეს”… – დათო ტურაშვილი
Comments