top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

მარიამ რაზმაძე - ლიტერატურული ოდისეა - იდეების გემი და საიმედო კაპიტანი

Updated: Mar 31, 2020


“No matter what anybody tells you, words and ideas can change the world"

Dead Poets Society








ფოტო: ნანუკა ჯაფარიძე



ყველას გვაქვს საკუთარი ცხოვრების ისტორია, ისტორია რომელითაც დღევანდლამდე მოვედით. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ვიარსებებთ და ჩვენი წიგნი დაიხურება. სამყარო სრული ქაოსია, რომელიც თავბრუს გვახვევს და ფიქრს გვირთულებს. დრო არ გვყოფნის, არასდროს არაა საკმარისი. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ არც ერთი წუთი, არც ერთი წამი გარანტირებული არ გვაქვს. დავდივართ ბეწვის ხიდზე, რომელიც არ ვიცით როდის ჩატყდება. სანამ ხიდი ჩატყდება სვლა უნდა განაგრძო.  საათის ხმა, რომელიც გამუდმებით გვესმის და მუდამ წარსულსა და მომავალში გვამყოფებს არასდროს არ ჩერდება. დროის მდინარება ქმნის სწორედ ისტორიას.

დაბადების მომენტიდან იწყება ჩვენი ისტორიის „ჩაწერა“. თუმცა, არ შეიძლება გვახსოვდეს სამყაროსთან პირისპირ შეხვედრის პირველივე წუთები. ალბათ არცაა მნიშვნელოვანი გახსოვდეს როგორ იტირე სრულიად გაუაზრებლად, დაბნეულმა ახალ რეალობაში  აღმოჩენის გამო.  ადამიანი ცხოვრებაში ფიზიკურად ერთხელ,  მენტალურად რამდენჯერმე „იბადება“. არ გვახსოვს ფიზიკური დაბადება, მაგრამ გვახსოვს მომენტები, როდესაც  მივხვდით, რომ რაღაც ახალი დაიწყო. აღმოვაჩინეთ რეალობა, რომელიც მანამდე ჩვენს ცნობიერში არ არსებობდა. ასეთი რეალობა სრულიად მოულოდნელად 2015 წლის გაზაფხულზე 208-ე აუდიტორიის კარების შემოღების შემდეგ აღმოვაჩინე. ძალიან მალე გავაცნობიერე რომ მოვხვდი იქ, სადაც ჩემ გარშემო არსებულ პრაგმატულ  სამყაროს გამოვექცეოდი და  კარებს დავუხურავდი რამდენიმე საათით მაინც. დროთა განმავლობაში 208-ე აუდიტორია გადაიქცა კომფორტის ზონად. აღმოვჩნდით მოცემულობაში, რომელიც ფილმურ სიუჟეტს  ჰგავდა.  ჩვენმა ცნობიერმა  სამყაროს გააზრება და კითხვების განსხვავებულად დასმა დაიწყო.  ასე გავხდით ლიტერატურული თავგადასავლების მაძიებლები და ჩვენი ორწლიანი ოდისეაც დაიწყო: ვიმოგზაურეთ კენტერბერიიდან დუბლინში, ეპოქიდან ეპოქში. გავხდით ჰამლეტები, ლუციფერები, მანფრედები, სეპტიმუსები,  სტივენ დედალოსები. აღმოვჩნდით უკაცრიელ კუნძულზე რობიზონ კრუზოსთან ერთად.  გავხდით გულივერის თანამგზავრები გრძელი და საინტერესო მოგზაურობისას. უფრო მეტიც, სენტიმენტალურადაც კი ვიმოგზაურეთ.

  ჩვენ გარშემო თითქოს სამყარო გაიზარდა. თანდათან ვემსგავსებოდით ფილოსოფოსებს და ეს საოცარ განცდას იწვევდა. მოუთმენლად ველოდებოდი მომდევნო სემინარს, რომ დაწყებული კამათი გაგვეგრძელებინა. გაგვეგრძელებინა და არა დაგვესრულებინა, რადგან 208-ე აუდიტორიაში იდეებზე მსჯელობა და კამათი დაუსრულებელი პროცესია.

ყოველგვარი ფორმალობა, რაც ხშირად თან ახლავს პრეზენტაციას, ინგლისური ლიტერატურის სემინარებისას მოხსნილია. აქ პრეზენტაციას პრეზენტაციისთვის არ ითხოვენ. ისიც კი მავიწყდებოდა, რომ შეფასებას მიწერდნენ. აბა შეფასება რა მოსატანია, როდესაც ყოფნა არ ყოფნაზე მსჯელობ და შექსპირულ სამყაროში იკარგები.

შექსპირულ სამყაროში სტუმრობით კიდევ ახალი კარები გაიღო ჩვენთვის: ამჯერად რუსთაველის თეატრში აღმოვჩნდით, სადაც უკვე კარგად ნაცნობი პერსონაჟები ჩვენ თვალწინ ცოცხლდებოდნენ. პერსონაჟები, რომელთა ყურებისას მიჩნდებოდა შეგრძნება, რომ საკუთარ  თავს სარკეში ვუყურებდი და მაყურებელი კი არა სპექტაკლის მონაწილე ვიყავი და სცენაზეც რეალურად მე ვიდექი. თავის ტკივილმა და სამსჯელო თემებმა ერთდროულად მოიმატა. 208-ე აუდიტორია და რუსთაველის თეატრი განუყოფელი ცნებები, ჩვენი ოდისეა კი კიდევ უფრო საინტერესო გახდა.

  სასემინარო სივრცე საკმარისი აღარ აღმოჩნდა იდეების სამყაროსთვის. ასე გავხდით საკვირაო ლიტერატურული კლუბის წევრები.  ორ წლიანი ოდისეის საუკეთესო მომენტები უკავშირდება სწორედ საკვირაო შეხვედრებს. შეხვედრებს, რომელმაც საკუთარი თავი მაპოვნინა და ჩემი ცხოვრებაც, გარკვეულწრილად, შეცვალა. შეხვედრებს, რომლის დროსაც გავიცანი საინტერესო ადამიანები. ვმსჯელობდით თავისუფლებაზე, ბედისწერაზე,დროის თემატიკაზე, ძალაუფლების ფენომენზე, ადამიანის ყოველგვარ ვნებაზე და სამყარო კიდევ უფრო ქაოსური ხდებოდა. ქაოსში ვეძებდით დეტალებს და დანაწევრებული სურათის  აწყობას ვცდილობდით. ვისწავლე, რომ იდეისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ მცდელობა თუნდაც შედეგის გარეშე მნიშვნელოვანია. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს გაჩერება და სიტუაციის შორიდან ყურებაა.

  ლიტერატურული მაძიებლობა იმაზე ბევრად საინტერესო აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი. დროის მდინარება, რომელიც ასე მაშინებს რეალურ ცხოვრებაში, საათის ისრები, რომელიც წამიდან წამამდე მაკლებს ამ სამყაროში ჩემთვის განსაზღვრულ დროს მხოლოდ აქ, იდეების სამყაროში არ მაღელვებდა. 208-ში საათი ყოველთვის ერთ დროს უჩვენებს: იდეების დროს.

სტატუსი, რომელიც სტატუსებს შორის ყველაზე მეტად მახარებს საკვირაო ლიტერატურული კლუბის წევრობის სტატუსია. სტატუსი, რომელიც არასდროს იცვლება და სადაც არ უნდა წახვიდე 208-ში დაბრუნებული ისევ "სანდეისტი" ხდები. ყოველთვის სიხარულით მოვყვები ისტორიას, თუ როგორ აღმოვჩნდი თავბრუდამხვევ სამყაროში და როგორ გავხდი ქაოსის ნაწილი, იმ ქაოსის, რომელიც არასდროს არ მინდა რომ დალაგდეს.

 ორი წლის წინ დაწყებულმა მოგზაურობამ დღევანდლამდე მოგვიყვანა-ისევ 208-ში ვართ, ისევ იდეების ომში ვერთვებით, ისევ გვაღელვებს ჩვენ გარშემო არსებული სამყარო. დღეს აქ არ სრულდება ოდისეა! ეს არ არის ამბის ფინალი! წარმოუდგენელია, შემეცნებითი მოგზაურობისთვის ორი წელი საკმარისი აღმოჩნდეს.  ლიტერატურული თავგადასავლების მაძიებელთა გემი განაგრძობს ცურვას. ეს ის გემია, რომელსაც საიმედო კაპიტანი ჰყავს. კაპიტანი, რომელთან ერთად მოგზაურობა იდეათა სამყაროში განსაკუთრებით საინტერესოა. მადლობა განვლილი ორი წლისთვის, კაპიტანო!!!


54 views0 comments

Comments


bottom of page