თუ სამყარო სხვა არაფერია, თუ არა ანტინომიის ბუნებრივი გამოვლინება - ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს, თეთრსა და შავს, კეთილსა და ბოროტს შორის, და თუ ეს ბრძოლა სამყაროს ერთიანობას განაპირობებს, მაშინ ადამიანიც, როგორც ამ სამყაროს მკვიდრი და შესაბამისად, მისი ანალოგიც, საკუთარ თავშივე მოიაზრებბს თეზასა და ანტითეზას. ბუნებისა და საკუთარი თავის შეცნობასთან ერთად ადამიანს უამრავი კითხვა უჩნდება და ბუნებრივია, რომ როდესაც ამ კითხვებზე პასუხს ვერ იღებს, ბრაზდება, ხშირად უსამართლობის შეგრძნებაც ეუფლება, რასაც კონფლიქტამდე მივყავართ.
ლიტერატურატმცოდნეობაში ყველაზე ხშირი ტიპოლოგიაა კონფლიქტთა ორ ძირითად მხარედ დაყოფა, შინაგან და გარეგან კონფლიქტებად. კონფლიქტი სიუჟეტის შენებაში დიდ როლს თამაშობს, ესაა მოვლენების მთელი სერია, ერთგვარი ჯაჭვური რეაქცია, რომელიც საბოლოოდ ამბავს ქმნის. ასეა “ჰამლეტის” შემთხვევაშიც, სადაც კონფლიქტის რამდენიმე სახე გვხვდება, მათი ერთიანობა კი მთლიან ტრაგედიას ქმნის.
მეფე კლაუდიუსი ამბობს: „ჩვენ ვიქორწინეთ მწუხარების სიხარულითა“- ოქსიმორონი, რომელიც მთელ პიესას გასდევს ლაითმოტივად, გვიჩვენებს, რომ პიესა დაპირისპირებულ მოვლენათა პლანზე განვითარდება. მწუხარე-სიხარული, რომელიც მეფის დაკარგვითა და ქორწილითაა გამოწვეული, თითოეულ პერსონაჟში გარდატეხის საწყისია.
მამის დაკარგვით გამოწვეულ მწუხრს ჰამლეტის გული ჩაუკეტავს, მას არ სურს ვინმეს თავისი გრძნობები გაუზიაროს. მისთვის მეორეხარისხოვანია ძაძები, სამგლოვიარო ლიტურგიები და ყველა ის აქტი, რომელიც შესაძლოა ხელოვნური, ყალბი გრძნობების მატარებელი იყოს. მის გულში არსებული ნაღველი არ საჭიროებს „მწუხარების მოკაზმულობას“, როგორც ამას თავად გვეუბნება. მეფისა და დედოფლის პირველ დიალოგში ჰამლეტიცაა ჩართული. მისი შიდაპიროვნული კონფლიქტი,პირველად სწორედ ამ დიალოგში ვლინდება. დარდი, რომელიც გულში აქვს, მწუხარება, რომელსაც მისი გული დაუტყვევებია პერსონაჟს შინაგანად ჭამს, ღრნის და ანადგურებს.
მკითხველი ყველაზე მძაფრად პერსონაჟის შინაგან გაორებას მის მონოლოგებში აღიქვამს, ასეა ჰამლეტის შემთხვევაშიც. ბიძისა და დედის დიალოგის მოსმენის შემდეგ, ინდიფერენტული დამოკიდებულებით გაღიზიანებული პერსონაჟი სრულიად ეთიშება გარემოს და საკუთარ გონებაში ეფლობა. ეს არა მხოლოდ მონოლოგი, არამედ ერთგვარი ცნობიერების ნაკადია. ჰამლეტის მონოლოგს მკითხველი სულ სხვა ინსტანციაში გადაჰყავს. თითქოს პირდაპირ შეიგრძნობ ჰამლეტის იმ მდგომარეობას, რამაც ბევრ ლიტერატორს ათქმევინა, რომ მას შესაძლოა შიზოფრენიის საწყისებიც კი ჰქონდეს. ჰამლეტს თავში უამრავი აზრი მოსდის; ეზიზღება დედა, სძულს სამყარო, სადაც შვილებს მამები უკვდებათ და დედებს ბიძები ირთავენ ცოლად.
შიდაპიროვნული კონფლიქტი ორაზროვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში: მან შეიძლება დააჩქაროს პიროვნების განვითარება, ან პირიქით- ისეთი ნევროზული რეაქციების განვითარების შედეგად, როგორებიცაა შიში და შფოთვა, მთლიანად ჩამოშალოს იგი. ჰამლეტის შემთხვევაში, კონფლიქტის საწყისი ეტაპი დესტრუქციულია, სასოწარკვეთილი პერსონაჟი სუიციდზეც კი ფიქრობს. ჰამლეტის პიროვნებაში დედის მოძულე და დედაზე შეყვარებული ორი პერსონა იწყებს ბრძოლას. შვილს, რომლისთვისაც დედა ყველაზე ნეტარი ქმნილება უნდა იყოს, იგი უჭკუო პირუტყვზე უფრო შეუბრალებლად ეჩვენება. მისთვის ყოველი დეტალი გამაღიზიანებელია და ჯერ კიდევ ხედავს დედის ფეხსაცმელზე მამის საფლავის მიწას.
თუ ვიტყვით, რომ ჰამლეტს შიზოფრენია/ბიპოლარული აშლილობა აწუხებს, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობერტ სტურუას ეს ყველაფერი ნათლად აქვს გადმოცემული იმ სცენაში, სადაც აჩრდილი ჰამლეტს ზურგზე აცოცდება და მას ისე აძლევს მითითებებს. ეს ერთი მხრივ მამის შვილში განსხეულებაა, რაც დიდ როლს თამაშობს შურიძიებაში, ხოლო მეორე მხრივ მისი აშლილობის ნათელი მაგალითია, ზურგზე აცოცებული მამის აჩრდილი ჰამლეტს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავოს და დედის ბედი განგებას მიანდოს.
ფროიდი შიდაპიროვნულ კონფლიქტს გაიაზრებს, როგორც ბრძოლას შეუთავსებელ ძალებსა და სტრუქტურებს, ეგოსა და სუპერ-ეგოს შორის. ჰამლეტის ეგო ჯერ კიდევ მოუმწიფებელი, ინფანტილურია, რომელსაც დედის დათმობა არ შეუძლია. მისი სუპერ-ეგო კი ბევრად უფრო შორსმჭვრეტელი და რაციონალურია. ფროიდი “სიზმრების ინტერპრეტაციაში” წერს: “ჰამლეტი მზადაა ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ არასდროს იქნება მზად იძიოს შური იმ კაცზე, რომელმაც მამამისს სიცოცხლე მოუსწრაფა და დედის გვერდით დაიკავა ადგილი - კაცზე, რომელიც ბავშვობაში ჩახშობილი მისი სურვილების ხორცშესხმაა. ზიზღს, რომელიც მას შურისძიებისაკენ უნდა უბიძგებდეს, შესაბამისად, ანაცვლებს თვითკრიტიკა, სინდისის ქენჯნა, რომელიც თვალწინ უშლის იმ სურათს, სადაც იგი იმ მკვლელზე უღირსია, ვის დასჯასაც ასე გამალებით მოითხოვს.” (Freud 2000: 159). ფროიდს თუ დავუჯერებთ, ჰამლეტი ოიდიპოსის კომპლექსით იტანჯება. ბავშვობაში ჩახშობილი ლტოლვა ხელახლა იჩენს თავს, თუმცა ახლა კონკურენტი არა საკუთარი მამა, არამედ ვიღაც სხვაა. გარდა ამისა ფროიდი აქ წამოწევს იმ პასაჟს, სადაც ჰამლეტს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, იძიოს თუ არა შური ბიძაზე. შევიდეს თუ არა მის იმიტაციურ ველში და ითამაშოს თუ არა კლაუდიუსის “სამეფო კარის თამაშების” პრინციპით.
ფროიდის იდეა კონცენტრირებს ბავშვობაში განცდილი მოვლენების ირგვლივ. კარენ ჰორნის აზრით კი, კონფლიქტი, ესაა ბრძოლა ურთიერთსაწინააღმდეგო, “ნევროზულ მოთხოვნილებებს” შორის. ჰორნის მიაჩნდა, რომ ოიდიპოსის კომპლექსის სათავე არა შვილსა და მშობელს შორის გაჩენილი სექსუალურ- აგრესიული კონფლიქტია, არამედ ის შიში და შფოთვაა, რომელიც მშობლისა და შვილის ურთიერთობის დარღვევისას ჩნდება. (Horney 2013: 78-79) ცალსახაა, რომ ჰამლეტისა და გერტრუდას ურთიერთობა ჩამოშლის ზღვარზეა. ქორწილის შემდეგ ჰამლეტი სრულიად გაუუცხოვდა დედას, სიმართლის გაგების შემდეგ კი საბოლოოდ დასცილდა მას. ეგოიზმით, შურისძიების წყურვილით, უსამართლობის შეგრძნებით სავსე ჰამლეტს არ შეუძლია თავი მოიტყუოს, მას თითქოს ორმაგი თამაში უწევს - იყოს შეშლილიდა ამავე დროს დასახოს სწორი გეგმა. თუმცა, ეს თამაში სულაც არაა. ჰამლეტის ეს ქმედება მისი შიდაპიროვნული კონფლიქტის გამოხატულებაა, ზუსტად ასეა გაორებული თავადაც. ეს ყველაფერი ნათლად არის წარმოჩენილი რობერტ აიკის “ჰამლეტში”, სადაც მთავარ როლს ენდრიუ სკოტი თამაშობს. თანამედროვე ეპოქაში გაგიჟებული,შეშლილი ჰამლეტი სწორად ასახავს შექსპირისეული ჰამლეტის შიდაპიროვნულ კონფლიქტს. ენდრიუ სკოტის მანამდე შესრულებულმა, თითქმის უკვე მის პერსონასთან შესისხლხორცებულმა მორიარტის როლმა (სერიალი “შერლოკი”) მაყურებლისათვის ბევრად უფრო მარტივად აღსაქმელი გახადა ჰამლეტის გაორება. მორიარტი, ისევე როგორც ჰამლეტი, ნამდვილად ბრძენია, თუმცა საკმარისად ბრძენია იმისათვის, რო, იცოდეს როდის იყოს შეშლილი.
ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენელი, აბრაამ მასლოუ ინტრაპერსონალური კონფლიქტის კონცეფციას იერარქიულად აყალიბებს. 1) ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; 2)უსაფრთხოების საჭიროება; 3) სიყვარულის მოთხოვნილება; 4) პატივისცემის მოთხოვნილება; 5) თვითრეალიზაციის საჭიროება. (Maslow) ეს ყველაფერი პიესის მაგალითზე რომ განვიხილოთ, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ; ჰამლეტის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა იძიოს შური, თითქოს ეს სისხლში აქვს გამჯდარი. ჰამლეტს სჭირდება უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ, მას უწევს გიჟის როლის მორგება, რათა ბევრად უფრო მშვიდად აწონ-დაწონოს სიტუაცია და ისე მიიღოს გადაწყვეტილებები. თითქოს შეშლილის ტყავში ბევრად უფრო დაცულად გრძნობს თავს, რადგან მის ქმედებებზე პასუხს არავინ სთხოვს, სწორედ ამიტომ, შეუძლია ზოგჯერ ღიად და დაუფარავად იმოქმედოს. სიყვარულის მოთხოვნილება ჰამლეტში გაორებულია. ერთია სიყვარული რომელსაც ის გერდტრუდასგან ითხოვს, დედისგან, რომელსაც, ბავშვური ეგოიზმით შეპყრობილი, ელოდება, როდის გამოიჩენს ადრინდელ ყურადღებას შვილის მიმართ. ხოლო, მეორე მხარეს დგას ოფელიას სიყვარული, ან ლტოლვა, ან თუნდაც, უბრალოდ დედისა და ვნებების ადრესატის ადგილის შემავსებელი გრძნობა, რომელიც შორსაა სიყვარულისგან. ჰამლეტისა და ოფელიას საუბარში წარმოდგენილი სექსუალური, და არა მხოლოდ სექსუალური დისტანცია ამის მაგალითია. მას შეუძლია გალანძღოს ოფელია, არ დაიშუროს უშვერი სიტყვები, თუმცა ამგვარადვე გერტრუდას ვერასდროს მოექცევა.
ჰამლეტისა და მეფის აჩრდილის შეხვედრა ერთგვარი გარდამავალი რგოლია გაორებულ ჰამლეტსა და შურისგებით აღსავსე ჰამლეტს შორის. თუ აქამდე პერსონაჟი მხოლოდ ინფანტილურ გრძნობებზე დაყრდნობით განიცდიდა შიდა პროტესტს, აჩრდილთან შეხვედრა მას საბოლოოდ ათავისუფლებს ამისგან. მამის აჩრდილის გამოცხადება ლოგოსის ხილვას ჰგავს. ეს ერთგვარი ილუმინაციაა, ჭეშმარიტებასთან, სიმართლესთან ზიარება, რომელიც უმეცრებაში მყოფ პერსონაჟს, გრძნობებსაყოლილ ჰამლეტს, სიმართლის გზას უჩვენებს და ბევრად უფრო რაციოანულად ფიქრის საშუალებას სთავაზობს. მეფის აჩრდილი შესაძლოა ჰამლეტის სუპერ-ეგოსთან გავაიგივოთ. ის ჰამლეტის ის ნაწილია, რომელიც მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს არეგულირებს. აჩრდილი მოუწოდებს ჰამლეტს არ მისცეს კლაუდიუსს დანიის სამეფო ტახტის წაბილწვის უფლება, თუმცა ამასთანავე სთხოვს, არაფრის დიდებით არ გაუჯავრდეს დედას და ცეზას მიანდოს მისი განაჩენი. ფროიდის თეორიას თუ გავითვალისწინებთ, ადამიანში შიდაპიროვნული კონფლიქტი ყველაზე მეტად მაშინ მწვავდება, როდესაც მისი იდი, ეგო და სუპერ-ეგო- სამივე გამოდის ასპარეზზე და მათი მისწრაფებები ერთმანეთის კონტრადიქტორული ხდება. როდესაც ჰამლეტი მამის მკვლელის ვინაობას იგებს მის არაცნობიერში იდი გამოდის ასპარეზზე. ის ცხოველური საწყისი, რომლის ირაციონალურ ყივილზეც ნიცშემ „ტრაგედიის დაბადებაში“ ბევრი ისაუბრა. იდი ინსტიქტურად მოქმედებს, მისი თითოეული აქტი პრიმიტიულ ემოციებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. სწორედ იდსა და სუპერ-ეგოს შორის მიმდინარეობს ბრძოლა მაშინაც, როდესაც ჰამლეტს ვერ გადაუწყვეტია მოკლას თუ არა კლაუდიუსი. მას ესმის კლაუდიუსის აღსარება და ეს უფრო ურთულებს გადაწყვეტილების მიღებას. რითი იქნება ის მკვლელზე უკეთესი? ზეცა ხომ ყველას მოსთხოვს პასუხს თავის ქმედებებზე. თუმცა არ შეუძლია უარი თქვას შურისძიებაზე. ჰამლეტის აზრით, კლაუდიუსმა მას მამასთან ერთად დედაც წაართვა. იმას, რომ აჩრდილი ჰამლეტის სუპერ-ეგოა, ადასტურებს ის ფაქტიც, რომ როდესაც ჰამლეტი,პოლონიუსის მოკვლით გაშმაგებული, გერტრუდას სექსუალურ ცხოვრებას განიხილავს და ზრახავს მას წმინდა სარეცელის შეურაცხყოფისათვის, აჩრდილი სწორედ მაშინ ჩნდება და ახსენებს, რომ არ დაავიწყდეს რაც უთხრა.
ჰამლეტისა და აჩრდილის შეხვედრა ის ანაგნორისია, რომელზედაც არისტოტელე ტრაგედიაზე მსჯელობისას საუბრობდა. არცოდნის ფაზიდან ცოდნის ფაზაში გადასვლა. სიმართლის გაგება და ამით მთლიანი ტრაგედიის სიუჟეტის შემოტრიალება.
შიდაპიროვნული კონფლიქტის პიკს პერსონაჟი მაშინ განიცდის, როდესაც სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდება. სასაფლაოს სცენა და ჰამლეტის მიერ თავისქალის აღმოჩენა პიესის ერთგვარი კლიმაქსია. ჰამლეტის პიროვნებაში გარდამტეხ როლს თამაშობს ეს სცენა და მესაფლავეებთან დიალოგი. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მის გაორებულ გონებას ბევრჯერ უფიქრია სიკვდილზე და ბევრჯერაც უნახავს ის, ახლა უკვე თავად ხვდება სიკვდილს. მესაფლავეები პერსონაჟს ახსენებენ, რომ ყველანი მიწის შვილები ვართ და ადრე თუ გვიან მიწად ვიქცევით. ჰამლეტი საბოლოოდ იგებს სიკვდილისა და სიცოცხლის არსს. თუ ადამიანი ცხოვრებაშივე არ გაიხრწნა, მისი სხეულის გახრწნას უფრო დიდი ხანი დასჭირდება მიწაში. ამ დიალოგს საბოლოოდ პერსონაჟი მიყავს იორიკის თავის ქალამდე. ერთი შეხედვით უბრალო მასხარის თავის ქალა ჰამლეტის თანატოსი ხდება. თითქოს პერსონაჟი საკუთარ სიკვდილის ანგელოზსს ხვდება, მისი აზრაელი ამ ქალაში ჩაბუდებულა და ახსენებს რომ მისი ბოლოც ეს არის. სწორედ ამ ფიქრებს პერსონაჟი მიყავს საბოლოო და ყველაზე რთულ მონოლოგამდე, სადაც ჰამლეტი ყოფნა- არ ყოფნის საკითხს სვამს. ეს მონოლოგი ჰამლეტის თავდაპირველი მონოლოგის გამოძახილია, ჯერ კიდევ დასაწყისში იგი აპროტესტებს, რომ არ შეუძლია მოიკლას თავი, რომ ეს უპატიებელი ცოდვაა, თუმცა არც ამგვარ სამყაროში ცხოვრება არ შეუძლია. იორიკისაა ეს თავის ქალა, თუ ვინმე სხვა პერსონაჟის, ის ჰამლეტის პიროვნების კრიზისს გამოხატავს. მან დაკარგა საკუთარი თავი, ვერ გაურკვევია ვინაა და რას ემსახურება. ვერც ის გაურკვევია ღირს თუ არა შური იძიოს, თუ ყველას ბოლო მაინც ცივ მიწაში საუკუნოდ ცხოვრებაა, მაშინ რა აზრი აქვს კიდევ ერთხელ გაისვაროს სისხლში ხელები.
თუმცა, პერსონაჟის ბოლო მაინც ერთია. მან უნდა მოკლას კლაუდიუსი. თუმცა ამას ვერ აკეთებს, თითქოს რაღაც უშლის ხელს. პიესის ბოლოს ვხედავთ რომ ეს რაღაც/ვიღაც თავად გერტრუდაა. ჰამლეტი მანამდე ვერ ახერხებს კლაუდიუსის მოკვლას, სანამ გერტრუდა არ მოკვდება. სანამ გერტრუდა ცოცხალი იყო, ჰამლეტი თრგუნავდა თავის სურვილებს, ათრთოლებული დედის დანახვა და აჩრდილის სიტყვების გახსენება შურისძების წყურვილს უნელებდა. თუმცა გერტრუდა მოკვდა და ახლა მას აღარაფერი უშლის ხელს შურისგებაში. ყველა ის დათრგუნული გრძნობა, ყოველი შეგრძნება, რომელსაც ჰამლეტის არაცნობიერი განიცდიდა წინა პლანზე გადმოვიდა. კლაუდიუსის მკვლელობა მრავალჯერადი აქტია, ერთ შემთხვევაში ის იძიებს შურს როგორც შვილი, რომელსაც მშობლები წაართვეს, მეორე შემთხვევაში ის იბრუნებს მის კუთვნილ ტახტს, ხოლო მესამე შემთხვევაში, ჰამლეტში განსახიერებული მეფე კლავს საკუთარ მკვლელს და ამით იმარჯვებს სიკვდილზე. მხოლოდ კლაუდიუსის სიკვდილის შემდეგ შეუძლია მას სიმშვიდის მოპოვება, რაც მეტაფორულად ჰამლეტის სიკვდილში აისახება.
ის შიდა და გარე წინააღმდეგობები, რომელთაც ჰამლეტი მთელი პიესის მანძილზე ხვდება, საბოლოოდ მისივე სიკვდილით სრულდება. თუმცა ეს არაა სუიციდი, ეს მისი ქმედებების გამოძახილია, ერთგვარი საზღაური იმ სიმშვიდისა, რომლის მოპოვებაც მის არაცნობიერს მთელი ტრაგედიის მანძილზე სურდა.
ფოტო: Unsplash; Adrian Swancar
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ასათიანი თ. მშვიდობაძე რ. ნიშარაძე გ. ციხისთავი თ; კონფლიქტები. თბილისი 2010.
2. Freud 2000; Freud Sigmund: The Interpretation of Dreams. Wordsworth Editions. Google Books.2000. ISSN 9781853264849, 1853264849
3. Horney 2013; Horney Karen: New Ways in Psychoanalysis. Taylor & Francis. Google Books. 2013
4. Maslow 1943; Maslow Abraham: A Theory of Human Motivation. Psychological Review, 50, 370-396. York University, Toronto. 2000. ISSN 1492-3713
Comments