ჯოისი წერდა: „საკუთარ არსებაში დავიარებით და ვხდებით ყაჩაღებს, მოჩვენებებს, გოლიათებს, ბებრებს, ყმაწვილებს, ცოლებს, ქვრივებს, რაყიფ ძმებს. მაგრამ ისევ და ისევ, მუდამ საკუთარ თავს ვხვდებით”. და თუმცა მუდამ საკუთარ ხატს დაატარებს ადამიანი, მაინც, ყველაზე მეტად ეშინია იმის, რაც თავად არის. სწორედ ამიტომ, დროთა განმავლობაში, ჩნდება სხვადასხვა სახის ლუბრიკანტი, მსგავსი ილუზიის ან გაქცევისა, რომელთა გამოყენებითაც, იმედის ან წარმოსახვის ხარჯზე, გარკვეული პერიოდით, იცვლება რეალობის მკაცრი გავლენა ადამიანზე. ამის ნათელ ასახვას წარმოადგენს ჯოისის „დუბლინელები”, რომელზე დაყრდნობითაც ვაპირებ მსჯელობის გაგრძელებას.
გავიხსენოთ „შეხვედრა”, სადაც სკოლის ასაკის ყმაწვილი ამჟღავნებს ლტოლვას ველური დასავლეთის მონახულებისა. ის ამბობს: „მომწყურდა იმ ველური აღტკინების განცდა, ის უჩვეულო ნეტარება, რომლის მონიჭება თითქოს თავისუფალი ცხოვრების ამსახველ ამ მოთხრობებს შეეძლოთ მხოლოდ”. და ამგვარად, ებღაუჭება წარმოდგენას, რომელიც ერთფეროვნებას მოსწყვეტს და ფათერაკებით სავსე რეალობაში გადააგდებს.
მეორე მხრივ, საინტერესო შემთხვევას ვხვდებით „პატარა ღრუბელში”, რომლის მთავარი გმირი, პატარა ჩენდლერი, პატარა კაცის დიდ მოლოდინებს განასახიერებს. შესავლის სახით უნდა ითქვას, თუკი რამ ცოცხალია, თუკი რამ იქმნება ან რამ შექმნილა, მხოლოდ მოძრაობის ხარჯზე. გალაჰარი ჩენდლერს ანდობს: „ცხოვრება ქვემოთ გექაჩება, შენ კი აუჩქარე, ყოველთვის იჩქარე და იმოძრავე”. თუმცა ცხოვრების დინებისკენ მიმავალი ადამიანისთვის, რომლის სხეული, გულიცა და გონებაც ერთიანად მოდუნებულია, რთულია შეფხიზლება. ავტორი იუწყება, რომ ჩენდლერისთვის საუკუნეების მიერ ნაანდერძავი ტვირთი იმის გაცნობიერება ყოფილა, რომ ბედთან დაპირისპირება უსაფუძვლოა. შედეგად, გაზარმაცებული სხეულის მასის ხსნა ოცნება და ილუზიაა: „საკუთარი სულის აწონ-დაწონა სცადა: აბა, პოეტის სული მაქვს თუ არაო. დაიწყო სენტენციებისა და ფრაზების შეთხზვა რეცენზიიდან, მომავალში რომ დაიწერებოდა მის წიგნზე”. იგნაციუს გალაჰერთან შეხვედრის მოლოდინმა თავი სხვებზე აღმატებულად აგრძნობინა და გონში წარმოსახვისა და ოცნების ცეცხლი გაუჩაღა. ხოლო შეხვედრამ, იმ წამიდან, როცა იგრძნო, ხალხის მზერა არა მას, არამედ გალაჰერს მიემართებოდა, მასში სევდისა და შურის მომენტი გააღვივა. იგნაციუსი უყვებოდა პარიზზე, მხიარულების, აზარტისა და მოძრაობის ქალაქზე. ესაუბრებოდა ისეთ დელიკატურ თემებზე, როგორიცაა ცოლის შერთვა, ცხოვრების მთავარი საზრისი და სხვა. შუა საუბრის დროს კი ჩენდლერს მიმართავს: „შენ ერთი ატომიც კი არ შეგცვლია, ტომი. ცოტა შენც უნდა გეხეტიალა ქვეყანაზე”. და ამ სმენაში, მთელი ამ, ვიტყოდი, გალაჰერის მონოლოგის განმავლობაში, ტომს უკვე ეწყებოდა გარკვეული განძარცვა ილუზიებისგან. „ყრუ აღშფოთება აღეძრა საკუთარი ცხოვრების მიმართ. ნუთუ ვერ გაიქცეოდა ამ პაწაწინა სახლიდან? ნუთუ უკვე მეტისმეტად დაუგვიანდა მცდელობა — ეცხოვრა ისე თამამად, როგორც გალაჰერს?” ჩენდლერს უსამართლოდ ეჩვენა წარმოშობითა და განათლებით მასზე დაბლა მდგომის ამოდენა წარმატება. „ის დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო გაეკეთებინა იმ ყველაფერზე მეტი, რაც მის მეგობარს ოდესმე უქნია, ოღონდაც შანსი მისცემოდა”. და აქ, ვფიქრობ, მეტად ყურადსაღები სწორედ იმ შანსის მოლოდინის რეჟიმში ყოფნაა, რომელზედაც გადართულია ჯოისის ბევრი პერსონაჟი და რომლითაც, საზოგადოდ, ამართლებს ხოლმე კაცი საკუთარ უმოქმედობას.
აქვე, გავიხსენოთ „უბედური შემთხვევა”, სადაც ვიგებთ, რომ მისტერ დაფი, მარტოსული და საზოგადოებას მოწყვეტილი კაცი, საკუთარ თავს უფლებას აძლევს, იფიქროს, რომ გარკვეულ გარემოებებში, თავის ბანკს გაძარცვავდა. მაგრამ რადგანაც ეს გარემოებები არასოდეს მოსულა, მისი ცხოვრება უფათერაკო ამბავივით თანაბრად მიედინებოდა”. ჩანს, დაფიც მოლოდინის რეჟიმზე გადართული პერსონაჟია. თითქოს ყველაფრის გამგე ბედი ყოფილიყოს და თუ განგება წყალობას არ მოიღებდა, კაცს არ ძალუძდა ემოქმედა, ემოძრავა, გაებედა. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანის ნუგეშისმცემელი მხოლოდ ოცნება და წარმოსახვაა. ისინი ცხოვრობენ განცალკებებით, რეალური ცხოვრებისგან იღებენ მომენტებს და შემდეგ, ამ მომენტებს, როგორც საკუთარი სამყაროს შემადგენელ ნაწილებს, სულს უბერავენ და აღვივებენ, როგორც ნაკვერჩხალს, რომელმაც ცეცხლი უნდა გააჩაღოს. მისტერ დაფიც, ამ მიზნით და ამ მოტივით, დადის თეატრში, იღებს სულის საზრდოს და სურს წარმოსახვა გამოკვებოს. სწორედ ერთი ასეთი „ნადირობისას” ხვდება ქალს და მათი კომპანიონობა, როგორც თავად ჯოისი აღწერს, თბილ ნიადაგს ემსგავსება ეგზოტიკური ყლორტების აღმოსაცენებლად. მე მგონია, კაცის სურვილი ამ ქალთან ყოფნისა იყო ამ კაცისავე ფიქრი: „ქალის თვალში ანგელოსურ სიმაღლემდე ავალო”. აზრი, რომ მესამე პირის თვალში კვარცხლბეკზე დგახარ, ბატონობისა და განდიდების დაუძლეველ სურვილს ბადებს. ადამიანს საკუთარი თავის მიმართაც მსგავსი აღქმა უყალიბდება და ამდენად, რაკი დაფმა გაიაზრა, ამ ქალის თვალში ღმერთი ვარო, გადაწყვიტა, ნიცშეს იმ ზეკაცივით ემოქმედა, რომლის ისტორიაც წიგნების თაროზე შემოედო. მოსაზრებას ადასტურებს ფაქტი, რომ საკუთარ თავს მესამე პირად აღიქვამს, თითქოს სხეულიდან იჭრება და შორიდან გაჰყურებს მას. ის შორსაა საკუთარი ტყავისგან. ამდენად, ფაქტმა — ქალის ვნებამ, დაუნგრია საკუთარი თავის მიმართ რწმენა და წარმოდგენა და ნაცვლად ზეკაცისა, დატოვა კაცი, რაც მისთვის ძნელად ასატანი შეიქნა. ჯოისი წერს: „მისი სიტყვების ასეთმა ინტერპრეტაციამ ქალის მხრიდან ილუზიებისგან განძარცვა”. ალბათ ეს იყო მიზეზი ზიზღისა, რაც იმ მომენტში მისის სინიკოს მიმართ გაუჩნდა და შემდგომში უკვე საკუთარი თავის მიმართაც, როცა ამ ქალის სიკვდილი შეიტყო. მან დაღრღნა თავისი ცხოვრების სათნოება. „არავის სურდა ის — განდევნილი ცხოვრების დღესასწაულიდან”.
ახლა, სანამ შემდეგ მოთხრობაზე, „მკვდრებზე” გადავიდოდე, მინდა გავიხსენო ამონარიდი სედერბერგის რომანიდან „ექიმი გლასი”, სადაც მთავარ გმირს, ექიმს, უყვარდება პაციენტი ქალი, რომელიც, თავის მხრივ, შეყვარებულია სხვა კაცზე. აქ არის ერთი მომენტი, რომანის დასასრულს, როცა ექიმი უკანასკნელად ხვდება საყვარელ ქალს ქუჩის გადაკვეთისას. გლასი ამბობს: „ის არასოდეს გადაკვეთს ქუჩას ჩემ გამო ასე ცოცხალ-მკვდარი, ის არასოდეს იქნება ჩემი. ცხოვრებამ გვერდი ჩამიარა”. და თუმცა მგონია, ჯოისის ყველა პერსონაჟსაც ცხოვრებამ გვერდი ჩაუარა, მაინც, ყველაზე სევდიანი „მკვდრების” დასასრული უნდა იყოს, სადაც ცხოვრება არა წლების სიმრავლით, არამედ მოგონების სიცხადითა და ხანგრლივობით განისაზღვრება, სადაც ყველას, ცოცხლებსაც და მკვდრებსაც ერთი სუდარა ეკვრის და სულერთია არსებობა, თუ არ გელიან, თუ არ ახსოვხარ, ცხოვრებისგან განდეგილი — სიცოცხლეშივე მკვდარი ხარ. ასე, მაგალითად, გრეტას ცხადად ახსოვს 17 წლის ყმაწვილის დიდი შავი თვალების გამომეტყველება. ამის გახსენება ასევდიანებს, ცრემლებს ჰგვრის და სინანულს უღვივებს. გეიბრიელის კითხვაზე, რით დაიღუპა ბიჭი, ქალი პასუხობს, რომ მის გამო მოკვდა. ეს კაცს ისეთ განცდას აღუძრავს, რაც ერთიანად ამდაბლებს საკუთარი თავისა და გრძნობის წინაშე — ის ალბათ ვერასოდეს მოკვდებოდა გრეტას გულისთვის. ბოლოს იაზრებს, რომ იმ დროს, როდესაც თვითონ სავსე იყო მათი ერთობლივი საიდუმლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოგონებებით, სავსე სინაზით, სიხარულითა და სურვილით, გრეტა მას თურმე სხვას ადარებდა.
ამდენად, ცხადი ხდება, „დუბლინელების” თითოეული პერსონაჟი სავსეა სევდით, იმედითა და მოულოდნელი იმედგაცრუებით. ბავშვს, რომელიც ველური დასავლეთისკენ მიიწევს, ამ ოცნებაში ეხატება ბედნიერება, რომელიც თავგადასავლების სახით „ელის”. რაც შეეხება პატარა ჩენდლერს, სასოწარკვეთა და უძრაობა მას აიძულებს ბრალი შემთხვევას მიაბაროს. მისტერ დაფი კი, მარტოობისა და ნარცისიზმის სუდარაში გახვეული, მარტოსულობას ნებდება. რაც შეეხება გებრიელს, ის სიცოცხლეშივე შეიგრძნობს სიკვდილს და დასალიერს ელოდება.
დასკვნის სახით კი იმის თქმა შეიძლება, რომ ყველა პერსონაჟის საერთო, გარდა სევდისა და იმედგაცრუების, არის ფიზიკური მდგომარეობა, ე.წ. პარალიჩი, რის გამოც თითოეული გაყინული გარემოს — ერთი ქალაქის შესისხლხორცებული ნაწილია და სხვა არაფერი დარჩენიათ, თუ არა ძებნა სიცოცხლის სუროგატის, რამეთუ სიცოცხლის საწყისზეც და დასასრულზეც ერთნაირად ეფინება ზამთრის თეთრი თოვლი — სიკვდილი.
Commenti