შექსპირის სამყაროში? სად, როგორ, რანაირად? ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია, როდესაც ჩვენმა ლექტორმა ღონისძიების შესახებ გვამცნო. სიმართლე გითხრათ, მაშინ გაოცების გარდა სხვა არაფერი გრძნობა დამუფლებია, უბრალოდ, ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი... მეც მოვირგე მოგზაურის ამპლუა და გავემართე იქ, „რუბიკონში“, სადაც მასპინძელი თავად დიდი მაესტრო, რობერტ სტურუა გახლდთ. აი, სწორედ მაშინ ვიგრძენი, რომ მე ამ სამყაროს ნაწილი გავხდებოდი... უკვე გაოცებასთან ერთად აღტაცებაც დამეუფლა... შემოვიდა, საშუალო ტანის, ოდნავ ჩაფსკვნილი, მელოტი, საყვარელი მოხუცი. თუმცა არა, არც საყვარელია და არც მოხუცი, უბრალოდ, ერთი შეხედვით ჩანს ასე. უფრო ზუსტად, ხან როგორია, ხან როგორი...მისი თვალები თითქოს ამბობენ: “მე დიდი მაესტრო ვარ!“ არ მიკვირს, ის ხომ მართლა დიდია, მისი შემოქმედება კი ღრმა და ამოუცნობი. დაჯდა... ხელში, როგორც ყოველთვის, სიგარეტი ეჭირა და გარინდებით შესცქეროდა ჟურნალისტური პათოსით გამსჭვალულ ბატონ დავითს, რომელიც ნამდვილად ამაყი იყო. ვიცი,შევატყვე... თუმცა ვინ არ იქნებოდა? მათ ბევრი ისაუბრეს. საუბრის თემა შექსპირის რიჩარდ III გახლდათ. აღტაცებითა და სიყვარულით იხსენებდა ... აღმოჩნდა, მისთვის ყველაზე საყვარელი სპექტაკლი სწორედ ის იყო. მოუთმენლობამ მძლია, მინდოდა, ძალიან მინდოდა სტურუას რიჩარდი მენახა. დაიწყო... დრო ისე გავიდა, ვერც კი შევამჩნიე, თუმცა, არც არის გასაკვირი, დრო ხომ ამ გენიოსების გარემოცვაში მხოლოდ ისართა უაზრო რახარუხია. დამთავრდა... ისე იმოქმედა ამ ყველაფერმა, რომ როდესაც ფიქრებში გართულმა ვიღაცას მხარი გავკარი, ბოდიშის მოხდის მიზნით ასე ვუთხარი: “ღმერთია მოწმე არ მინდოდა, თქვენ მაიძულეთ“. ისე შემომხედა გეგონებოდათ შეშლილი ვყოფილიყავი, თუმცა კი, ვიყავი... მე ხომ იმ დღეს რიჩარდ III ვნახე... შემდეგ იყო ჰამლეტი, როგორ გითხრათ, სრულიად განსხვავებული, უფრო ცინიკური და ემოციური. არ ვიცნობდი ასეთს. მაგრამ ეს ხომ სტურუას ჰამლეტია, მე კი შექსპირის ჰამლეტი უფრო მომწონს...
ასე გავიდა ორი დღე... ორი პარასკევი... ყველაფრით აღფრთოვანებულმა ჯიუტად გადავწყვიტე, შექსპირთან დიალოგი. მინდოდა მისთვისაც მომესმინა და გამეგო, რას ფიქრობდა თავისი პიესების გენიალურ რეჟისორზე. მაშ ასე, მოვუხმე ფანტაზიას და მოვემზადე ღირსეული მასპინძლობა გამეწია მისთვის ჩემს წარმოსახვით სამყაროში. გამოჩნდა... წარმოსადეგი, ხანში შესული მამაკაცი იყო, შავი წვერ-ულვაში სერიოზულ იერს ჰმატებდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მზერას ისე მომაპყრობდა ხოლმე, თითქოს მსაყვედურობდა: “რა გინდა, რას გადამეკიდეო“? ის ჩემი ღირსეული, ნანატრი სტუმარი, თავად შექსპირი გახლდათ. დავიბენი, მაგრამ არა შესამჩნევად. მან ყოველგვარი მისალმების გარეშე მანიშნა, დაიწყე საუბარიო. ესე მითხრა და რა გამაჩერებდა. პირველი კითხვა ასეთი იყო: იცნობთ რობერტ სტურუას? დაფიქრდა, გაიღიმა და მიპასუხა: “ის ჩემი მეგობარია, ჩვენ ხშირად ვხვდებით და ვსაუბრობთ ჰამლეტზე, ოტელოზე, რიჩარდზე. სულ ცდილობს შეცვალოს, თავისებურად გარდაქმნას ისინი. მახსოვს, ერთხელ აიკვიატა ჰამლეტის მონოლოგი უნდა დავწვაო, რატომ მეთქი ვკითხე გაბრაზებულმა, მან კი მიპასუხა: “რა დროს სიტყვებია... ჰამლეტის ტკივილი ენით არ გამოითქმისო“. კიდევ რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ გავაჩერე... ვიცოდი, გამოუვიდოდა, ის დადგამდა სხვანაირ ჰამლეტს... მან ხომ შექმნა ბოროტი რიჩარდი და გაგაცინათ, მან ხომ დაატრიალა ქარიშხალი „ქარიშხლით“ და აქცია მე-12 ღამე ნამდვილ დღესასწაულად. დიახ, ის გენიოსია, დიდი მაესტრო, ხელოვანი, რომელიც არ ერიდება ექსპერიმენტებს და ქმნის იმას, რასაც გული კარნახობს“. აღტაცებით ვუსმენდი, არ მეგონა თუ ამგვარი ეპითეტებით შეამკობდა და ასე აღფრთოვანებით ისაუბრებდა არა მარტო მასზე, არამედ გია ყანჩელზეც... ასე თქვა: “მართალია მუსიკა არ მესმის, მაგრამ გია შეუდარებელია, ის და რობიკო დუეტში ნამდვილი დღესასწაულიაო“...
მე კითხვის დასმას კიდევ ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე, უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო და კმაყოფილების გრძნობამ მომიცვა. მადლობა მოკრძალებით გადავუხადე და დავემშვიდობე. შექსპირი კარებს მიუახლოვდა, უნდა გასულიყო, რომ უცებ მოტრიალდა, თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და გაუჩინარდა.
Comments