top of page
Search

მარიამ ღამბაშიძე - რატომ ინგლისური ლიტერატურის ისტორია?

  • Writer: Sunday Literature
    Sunday Literature
  • Jan 22, 2014
  • 1 min read

Updated: Mar 31, 2020

 

წარმოიდგინეთ  უსხივო  მზე... რა მშრალი და მკვდარია. ასეთივე მშრალი და მკვდარია  სიცოცხლის  ყოველი  დღე  წიგნის  გარეშე.  3 წლის წინ უნივერსიტეტში შევაბიჯე და ირგვლივ სიმშრალის გარდა ვერაფერს შევეხე.  მწყუროდა წყალი,  მახრჩობდა ყოველი გაზეპირებული წინადადება.

   ინგლისური ლიტერატურის ისტორია... ცხოვრებას ემატება მე-8 ძირითადი ფერი, 7 საოცრებას მე-8, 7 მუსიკალურ ნოტს მე-8 მუსიკალური ნოტი. გაგიკვირდებათ და სწორედ მაშინ ვიწყებ ფიქრს. ფიქრს არა პერსონაჟზე ან ფაბულაზე, არამედ სიღრმეზე.  სიღრმეში ჩასულს  ჰაერის მაგივრობას

იდეა მიწევს, ჭირხლივით მასხავს  აზრთა სხვადასხვაობა. ერთ იდეაზე შეჯერება და რაიმეს გადაჭრით თქმა, ყველაზე უაზრო ზავია ზავთა შორის და ხელსაც არ ვაწერ. ეს არის ჩემი ქორწინება ქაოსზე, საკუთარი აზრების კონა, რომლისაც მეშინია, ჩემი უსცენო თეატრი, უმუსიკო მელოდია, რომელიც უფრო  საინტერესოა ვიდრე აღიარებული რეჟისორის ან კომპოზიტორის ქმნილება.  ეს არის წევილისფერი სიჩუმე, ღაჟღაჟა შავი, ტკბილი მარილი, ნათელი უკუნი...

   ცხოვრების პრიმიტიულად დაყოფის წესები ასე იშლება: სკოლა, უნივერსიტეტი, სამსახური/ოჯახი... თუმცა დღეს, სკოლასა და  უნივერსიტეტს მოვაყოლებდი  არა სამსახურს ან  სხვა დანარჩენ წვრილმანებსა თუ სქელმანებს, არამედ შექსპირს, სტენდალს, ბალზაკს, ბაირონს, ვაილდს.  მთელი ამ ხნის განმავლობაში ვუძვნიდი სონეტებს ქალებსა თუ მამაკაცებს, გულს მიჩქარებდა ხელთა შეხება, მომაკვდავი ვიწექი საწოლში ანასტაზი და დელფინეს მოლოდინში, მიკვირდა, თუ რატომ მაწვა მშობლების ცოდვა კისერზე და ხსნას, სიკვდილსა და დავიწყებაში ვეძებდი. მეჭირა ფუნჯი და ვხატავდი არამიწიერ სილამაზეს ჩემი სიყვარულის უკვდავსაყოფად,  ვთხზავდი თეზისებს და  ვკლავდი ბეზილს.

თუმცა, ყველაზე მეტად ბებიაქალი ვარ, რომელიც ორსულ მუზას იდეებს აგლეჯს, შვილივით ზრდის და ცხოვრებას აწნის.

 აი ამიტომ მიყვარს ინგლისური ლიტერატურის ისტორია, რომელიც უკრედიტო, ულიმიტო  და უსაზღვროა :))            



 
 
 

コメント


Join my mailing list

Thanks for submitting!

© 2020 by Sunday Literature.

bottom of page