ვის არ გიფიქრიათ თავისუფლებაზე?! ალბათ, ყველას გასჩენია, ერთხელ მაინც, კითხვა, თუ რა არის მაინც ეს თავისუფლება, ან შესაძლებელია კი, იყო - თავის უფალი?!
ძალაუფლება, ბედნიერება, სიყვარული, ყოველდღიურობა, კულტურული ნორმები, ტრადიციები, ამბიციები და ამ ყველაფერთან თავისუფლების კავშირი. როდის გამორიცხავს ის საკუთარ თავს და როდის შთანთქავს თავის მეკავშირეს. ორი სტუმარი: მარინე ჩიტაშვილი და ზაზა შათირიშვილი. თავისუფლება - განხილული ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ჭრილში. დასკვნების გაზიარების მოლოდინი და ფიქრების ახალი ტალღებით გაჯერებული დღეები, დიახ, ეს იყო პროექტი - „საუბრები თავისუფლებაზე.“
როგორ მოვედით აქამდე? წარმოიდგინეთ, ძალიან ბევრი გზა მომავალი ერთი შეხვედრის ადგილამდე, ყველას აერთიანებს ერთი რამ, სურვილი, იცოდეს... ასე იწყება ცხოვრების მიერ ‘შემოგდებულ’ თემებზე ფიქრი ინდივიდუალურად, შემდგომ პოულობ ადამიანებს, რომლებიც შენს ფიქრებს იზიარებენ და ბოლოს ყველანი ერთად ხვდებით პიროვნებას, ჩვენ შემთხვევაში კი დავით მაზიაშვილს, რომელსაც სულ სხვა საფეხურზე აჰყავს თქვენი ძიებები. ასე განხორციელდა დიდი ხნის განმავლობაში ჩაფიქრებული ეს პროექტი. ამ შეხვედრებმა გაგვიჩინეს სურვილი, კიდევ უფრო სიღრმისეულად ჩავწვდომოდით ცხოვრებას თავისი სირთულეებით. განგვეხილა თავისუფლება ბაირონისა თუ მილტონის ნაწარმოებებში. გაგვეგო, რა ამოძრავებდა კაენს, როდესაც სიკვდილს პატიჟებდა ჩვენს სამყაროში, მანფრედს, როდესაც ცოდნისა და ძალაუფლების ძიებას სწირავდა სიყვარულს ან მილტონისეულ სატანას, როდესაც ამბოხს აწყობდა ღმერთის წინააღმდეგ. (ადამიანი) იბადება თავისუფალი და სიცოცხლის ბოლომდე ეძებს საშუალებებს, რომ ამ თავისუფლებასთან კავშირი არ დაკარგოს. ცოდნა - სანთლის სხივი ბნელ ოთახში, წყურვილი, გაიგო მეტი, ნახო მეტი, იფიქრო მეტი - ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, მიუხედავად მისი პროფესიისა, უნდა იყოს დიდი მნიშვნელობის მატარებელი. ერთ-ერთ სემინარზე, ამ პროექტის სულის ჩამდგმელის მიერ ნათქვამ, ჩემს თავში, შეძლებისდაგვარად, აღდგენილ ფრაზას მოვიშველიებ, ‘არ შეიძლება გინდოდეთ ძალაუფლება და არ დაინტერესდეთ ძალაუფლების არსით’- ასეა ეს და ვისაც გქონდათ სურვილი თქვენი ტვინის ნაოჭები შეგეწუხებინათ ფიქრით, მაშინ, ვიმედოვნებ, ამ პროექტსაც დაესწარით და ისევე ისიამოვნეთ ჩვენი სტუმრების მოსმენით, როგორც მე. ვისაუბრეთ თავისუფლებაზე, თუმცა ამაზე არ შეჩერებულა ჩვენი თავგადასავალი ფიქრებისრეალობაში.
450 წლის შემდეგ შექსპირი კიდევ ერთხელ გვეწვია ჯერ ჩვენი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, შემდგომ კი რუსთაველის თეატრშიც გადაინაცვლა. ორივეგან დიდი მოლოდინითა და სიყვარულით შეეგებნენ ლიტერატურის მოტრფიალენი, დაახვედრეს რა ყვავილების გვირგვინი, როგორც ეს მეფეს შეეფერებოდა, და რუდუნებით მორთული დარბაზები. სამი დღე ყოველდღიური რეალობიდან მოწყვეტილ სამყაროში, სადაც ახალგაზრდა პრინცი ცხოვრების რაობის საკითხებს დაუფიქრებიათ, გვირგვინის გარეშე დარჩენილი მეფე ქალიშვილებს მიუტოვებიათ, ნამდვილ სიყვარულს სიკვდილი ჩაუკრავს გულში, სხვანი სიზმარში გადაშვებულან, ზოგსაც პიესა დაუდგამს პიესაში და ასე უსასრულოდ. ცხოვრებაც თეატრს რომ ჰგავს, ალბათ, პროექტიც ამიტომ დასრულდა რუსთაველის სცენაზე. “As you like it: As I like it”, “To be or not to be”, სტურუასეული შექსპირი, შექსპირი ჯოისთან, შექსპირი ფოლკნერთან, შექსპირი „მისის დელოუეი“-ში, თუ თქვენთვის ნაცნობია ეს თემები, ე.ი. თქვენ გქონდათ ბედნიერება დასწრებოდით შექსპირიანას და მოგესმინათ მოხსენებები ამ და მრავალ სხვა თემაზე. ამდენი საუკუნის შემდეგ, ისევ აქტუალური ხარ „შაკო“ - როგორც მას სტუდენტები ვეძახით. კადნიერებაში ნუ ჩამოგვარმევთ და მისი პიესებისა თუ სონეტების სტრიქონებს შორის ამდენი ხნის ‘ყვინთვის’ შემდეგ, ჩვენდაუნებურად, ‘შემოგვექმნა’ უილიამ შექსპირის სახელის შემოკლებული (კნინობითი) ვერსია, როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე მეგობრობაში.
ასე ჩაიარა ჩვენმა,ბურუსში გახვეულმა, რამდენიმე კვირამ, ძალიან საინტერესო, განათლებული და მხიარული ადამიანების გარემოცვაში. მადლობის გარდა მეტი რა გვეთქმის სტუდენტებს ჩვენი ძვირფასი ლექტორების მიერ გაწეული ამაგისათვის. თქვენ რომ არა, ჩვენი ყოველდღიურობა არ გაფერადდებოდა ლიტერატურის ფურცლებიდან ‘ამომხტარი’ პერსონაჟებისა თუ თემების სისავსით.
ეს, რაც შეეხება წარსულს, მომავალში კი ჩვენი მოლოდინით გათანგულს, ჩრდილში დაუსადგურებია დავით მაზიაშვილის კიდევ ერთ პროექტს. სინათლის შუქზე მალე გამოვა და თავისი ფერადოვნებით არაერთს გაგვაოცებს, თუმცა ყველასთვის როდია ეს პროექტი, მათი სულის გასანათლებლადაა მხოლოდ, ვინც მთელი თავისი არსითაა თეატრსა და ლიტერატურაში გადაშვებული და სურს ამ ორის გაერთიანების შემსწრე გახდეს. თუ ფიქრობთ, რომ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, მაშინ გვესტუმრეთ რუსთაველის თეატრში და ჩვენთან ერთად ნახეთ სტურუას მიერ გაცოცხლებული შექსპირი, პერსონაჟები და ისტორიები, რომლებიც არასდროს არ კარგავენ აქტუალურობას. მოდით, ნახეთ და განიხილეთ. შეხვდით ამ გენიალურ ადამიანს, რომელიც უკვე მსოფლიომ აღიარა და კიდევ უფრო გაიმდიდრეთ შინაგანი სამყარო.
ავტორი:ნატო დვალი
Comments