top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

ნათია ბენდელიანი - “სენტიმენტალური მოგზაურობა”

Updated: Mar 31, 2020


გახსოვთ ხომ ალბათ, პირველ სემინარზე დეპრესიულ პიროვნებად ჩამთვალეთ, ჩემი mental age 33 წელია და ყველაფერ ამასთან ერთად მე სენტიმენტალური პიროვნება ვარ. გენიალურიაო - მითხრეს და ცოტა არ იყოს შეშინებულმა დავიწყე კითხვა, ვაითუ რამე ვერ გავიგო, გამომრჩეს-მეთქი, ბევრი რასაკვირველია გამომრჩა, მაგრამ ვიცი რაც მომეწონა. სტერნის თითოეულისენტიმენტალური გადახვევა ბუნებრივად პარალელს გავლებინებს შენს ცხოვრებასთან. ზუსტად იგივე ემოციებს, განცდებს, სიტუაციებს, გაპოვნინებს, ჰოდა მეც ბევრი ვიპოვე. ჩემთვის ფუფუნებაა იყო სენტიმენტალისტი ისეთ ყოფაში, სადაც, თითქმის, ფიქრის, ოცნების, გაანალიზების დრო არ გაქვს. ხშირად გსმენიათ ალბათ შემდეგი ფრაზები: „რა დროს სენტიმენტებია, საქმეს მიხედე“, „დრო არ იცდის“, რეალობას გაუსწორე თვალი“ და ა.შ. აი, მე კი როცა სენტიმენტალურ გუნება-განწყობილებაზე ვარ მაშინ შევიცნობ ნამდვილ სამყაროს, რეალობას, გარემოს, ადამიანების მანკიერ თუ სხვა თვისებებს, მეტიც, ხშირად ამიტომაც ვარ ასეთ ხასიათზე. მაგრამ მე ხომ მექანიკური არსება ვარ, ჰოდა ვტოვებ ჩემს სამყაროს და ვაკეთბ იმას, რაც გინდათ. დანის სალესები, ნებისმიერ დანებს ლესავს, ხომ არ გინდათ? იაფად, სუპერია. იყიდეთ რა. თვალებში გიყურებს აი, ახლა იტყვის, ჯერ არ ჩავალ მომაბრუნებს და იყიდის… ნემსების ნაბორი? ლიმონი? სულ თითოოროლად დაკრეფილი, სავარცხელი? კალენდარი? ჰა, არა?! მე სულლეი კი თვალებში ვუყურებ, ცრემლებს ძლივს ვიკავებ, მაგრამ არ ვყიდულობ. -წადი ბაბუ, გენაცვალე, ვიღას უნდა შენი დანის სალესი. - პივა ჯობია ხომ ყველაფერს? -აბა რა, დარდს მაინც გაგიქარვებს. ჩავიდა, მე  კიდევს მაქვს დრო მოვაბრუნო, მაგრამ არ ვაკეთებ ამას. არ ვიცი რა იყო ეს, სიძუნწე, ამპარტავნება, გონიერება თუ სიმდაბლე. მაგრამ ზოგჯერ, რაღაც განწყობა, დამოკიდებულება გაუცნობიერებლად მთელს სხეულს, გონებას ისე ედება რომ მის გაკონტროლებას ვერ ახერხებ. რამდენჯერ ჩემს ფიქრს საინტერესო დანასკვი ქონია, საოცარი, იდუმალი შეგრძნება დამუფლებია, მაგრამ არ გამიშიფრავს. რამდენ საინტერესო, გენიალურ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ არ მითქვამს, რომ ის მაგარია. მე ვერ ვპოულობ ყველა ადამიანში რაღაც ფერს, ალბათ იმიტომ რომ საკადრისად არ ვეძებ, ან არ მინდა ვიპოვო, არადა უფერულობა ძალიან არ მომწონს. და აი რას ამბობს სტერნი: „უდაბნოში რომ ამოვყო თავი, იქაც მოვძებნიდი ისეთ რაღაცას, ჩემი სულის აფორიაქება რომ შეეძლება“. კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი ჩვენ პირველმიზნად ეს რომ დავისახოთ. ფილმში, წიგნში, სემინარზე, მუსიკაში, ნოტებში იქნებ რამე სულისშემძვრელი, ფასეული დავინახოთ. აი, ისეთი, ცოტა უკეთესს რომ გაგხდის! ბუნებრიობა, აი, რას ეძებდა სტერნი ადამიანში და ზოგადად სამყაროში. მას სჯერა, რომ ადამიანს ყველა რეალიზებულ ცუდ თვისებასთან ერთად აქვს ისეთი, რაც ერთმანეთს გვაყვარებს.

თქვენ გინდათ, რომ მე ის ფულიანი ტიპი ავირჩო, რომელიც სადილზე სხვადასხვა კერძს მთავაზობს და არა, ერთი ნაჭერი პური? სტატისტიკამ შეიძლება ამ დასკვნამდე მიგვიყვანოს, მაგრამ მე რაღაც ძალა მკარნახობს, რომ ასე არ დავასკვნა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ეჯავრებოდა გზაზე შემხვედრი ის ბედდაცარული არსებები, რომლებთაც გვერდზე მოქცევიათ თავი და ზურგი აბურცვიათ, ზოგი კი თავის სრულ და ბუნებრივ მდგომარეობაში ჯუჯა ვაშლის ხეებს მოგვაგონებენ, მათ მიმართ განსაკუთრებულ თანაგრძნობას გამოხატავდა.

ოჰ, არ მეთქვას მაინც ქუჩში გავლილს, სოციალურ ქსელში შესულს, რას გავს, რა აცვია, როგორ იქცევა, მაგრამ მე ისინი არ მეზიზღება, უფრო მეტადაც კი მიყვარს, ვიდრე სუფთად, მოდურად ჩაცმული ყეყეჩი ადამინები.

ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა როგორ შეიცვალა თბილისიო, როგორ გაბოროტდა ხალხი, ზოგჯერ მეშინია ისეთი თვალებით მიყურებენო. თბილისი არა, ზოგადად ადამიანები, მაგრამ მე ვყოფილვარ სოფლად, აი, ნამდვილ სოფელში, სადაც სულ სხვა ხალხია, გინდ დაიჯერეთ, გინდა არა. მინახავს სიცივით და მუშაობით დახეთქილი ხელები, თვალები – სუფთა, კამკამა, გამოხედვა – სევდიანი, აი, ჩახუტების სურვილს რომ აღგიძრავს. „მანდარინებმა“ მაინც არ აგიჩუყეს გული?! მე მჯერა, რომ, სწორედ, მათი წყალობით გვიდგას სული…

„სირცხვილი ადამის ძეთ-მეთქი-გავივლე გუნებაში-ჩვენც რომ ისე გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ამ საწყალს უყვარდა თავისი სახედარი-სხვაგვარად იქნებოდა საქმე.“

ბავშვობაში „ბიძია თომას ქოხის“ წაკითხვისას ვიტირე ყველაზე მეტი, მერე ამდენი არ მიტირია წიგნზე, მოდილიანის, ან მიოცარტის სიკვდილის სცენის ნახვისას როგორ არ ვიტირო?! მე ბებიაჩემის დაკრძალვის დღესაც ვიტირე, და ომის კადრების ნახვის დროსაც ვტირივარ, მაგრამ აქ განსაკუთრებული არაფერია, და საქმე არც ტირილშია. აქ მთავარი ადამიანის ბუნებრიობაა და არა სიყალბე, რომემლსაც ჩვენთის ჩუმად კი არა, გარეთ უნდა ვავლენდეთ.

არ ვიცი მე მეჩვენება, თუ მართლა მომრავლდნენ ე. წ. გიჟები. ჩემს აფორიაქებას იცით განსაკუთრებით რა იწვევს? აი ძალიან, ძალიან ძველი, რომ იფიქრებ აწი აღარავის აცვიაო, ისეთი კოსტუმში და შარვალში გამოწყობილინი, დიდი ჩემოდნით რომ დადიან. ზოგს დიდი თმა და წვერი აქვს და თვალები საოცარი, ტკივილიანი და არანორმალურად ფართო. ჩქარა რომ მიდიან და პირს აცმაცუნებენ, თან ხელებს შლიან და ისე საუბრობენ.  ასეთ დროს მე მათში ვხედავ არა გენეტიკურად არასრულფასოვან, ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამინებს, არამედ ცხოვრებისგან დაღ დამჩნეულ, სიმწარე გემულ, დიდ ტრაგედია გადატანილ ადამინებს. ზოგჯერ ასეთებზე იტყვიან ბევრმა კითხვამ უქნაო, შეიძლება ოდესღაც, მისი არავის ესმოდა… აი ისეთებიც!

„მწუხარებას მაინც დიდი დაღი დაესვა და რაღაც არაამქვეყნიური იერი მიენიჭებინა“.

მეტი რა უნდა ვთქვა, ისედაც საკმარისზე მეტი ვილაპარაკე…. მე გემშვიდობებით!


                                                                 

5 views0 comments

Comments


bottom of page