top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

ანა გოგოხია - სენტიმენტალური მოგზაურობა რაციონალურ სამყაროში

Updated: Apr 4, 2020


ფოტო : ნანუკა ჯაფარიძე




ზოგიერთები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჩვენ დღეს დიდ დროს ვუთმობთ გრძნობებს, ემოციებს და რომ ეს ცუდია და მეტი დრო უნდა დავუთმოთ მაგალითად მეცნიერებებსა და უფრო ლოგიკურ დარგებს, რომელბიც დაკანონებულია, დოგმატურია, მოწესრიგებულია განსხვავებით უწესრიგო ემოციების, მაგრამ ამასთანავე აღინიშნება ისიც, რომ დიდი დროის დათმობაა საჭირო ადამიანის ბუნების გამოსარკვევად და განა ეს ორი მტკიცება ერთმანეთს არ გამორიცხავს? განა ადამიანის ბუნების გამოვლენა ემოციებსა და გრძნობებზე დაყრდნობით არ ხდება? განა ადამიანი იმაში არ ავლენს საკუთარ ბუნებას თუ რას და როგორ გრძნობს? ვამბობთ რომ დღეს ეს გრძნობები გაუფერულებულია, რადგან ადამიანი მთლიანად მათზეა გადართული. ვეთანხმები იმ აზრს, რომ გადაჭარბება არაფერში არ ვარგა, არც გრძნობებში და არც გონებაში, მაგრამ მე პირადად ემოციური ადამიანი მირჩევნია მფრინავ კუნძულზე მცხოვრებ ადამიანს (გულივერის მოგზაურობიდან) რომელიც აღმერთებს მხოლოდ მათემატიკასა და მუსიკას და აქაც კი გაუგებარი იყო ჩემთვის როგორ შეიძლებოდა მათში მუსიკას არავითარი გრძნობა არ გამოეწვია. მაგრამ დავუბრუნდეთ სათქმელს - ხშირად ემოციებს და გრძნობებს უყენებენ იმ ბრალდებას, რომ ადამიანისთვის უზნეო და უარყოფითი გრძნობები დამღუპველია. პირველ ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ადამიანი ამითაც კი საკუთარ ბუნებას ავლენს. მეორე, ყველაფერს აქვს ორი მხარე და ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კონტრასტი გავავლოთ - ჩვენ ვერ დავაფასებდით სიცოცხლეს, რომ არ ყოფილიყო სიკვდილი, ისევე როგორც ვერ დავაფასებდით სიხარულს, რომ არ ყოფილიყო უბედურება. დიახ, უარყოფით გრძნობებს მივყავართ მანკიერებების გამოვლენამდე, მაგრამ განა დადებითისა და უარყოფითის ეს ერთობა არ გვაქცევს ადამიანად? მხოლოდ ერთი ან მხოლოდ მეორე ხელოვნურად გაფერადებულ ადამიანებს დაგვამსგავსებდა, რომლებიც ვერ ხედავენ განსხვავებას მეგობრობასა და მტრობას, სიკეთესა და ბოროტებას, სიძულვილვილსა და სიყვარულს შორის. იმისთვის, რომ ბუნებრივად გავფერადდეთ საჭიროა ერთიც და მეორეც. საერთოდ რომ არ გვქონდეს გრძნობები როგორი იქნება ჩვენი ცხოვრება? წარმოიდგინეთ ხალხი, რომელიც არ აფასებს არც პოეზიას, არც მხატვრობას, არც მუსიკას და არცერთ ნივთს რომელიც იწვევს გრძნობებსა თუ ემოციებს. ეს იქნებოდა, ალბათ, ჩაკეტილი წრე სადაც ადამიანების არსებობა საჭიროა გახდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ გაეგრძელებინათ სიცოცხლის ხაზი. გრძნობების გარეშე, სიხარულის, სევდის გარეშე სიცოცხლე, სუნთქვა მხოლოდ საათია, ისრების წიკწიკი სადაც ყველაფერს მართავს მკაცრი, ლოგიკური გონების ძალა. ითქვა, რომ დღეს ჩვენს გარშემო მხოლოდ ემოციებია ფილმებში, სერიალებში და პრობლემაც სწორედ ეს არის, რომ ეს ყველაფერი ფილმებში და სერიალებშია და არა რეალურ ცხოვრებაში. დღევანდელ ადამიანებს თითქოს გაწერილი გვაქვს რა როდის უნდა გავაკეთოთ და როდის უნდა ვიგრძნოთ. გადართულები ვართ მთლიანად დაგეგმვაზე და არანაირი სპონტანური რეაქციები არ გაგვაჩნია, თავით-ფეხამდე დაცლილები ვართ გრძნობებისაგან და ერთადერთი რაზედაც ვფიქრობთ ეს არის ფული და კომფორტი. იქნებ შეგინიშნავთ ის გაყინული სახეები, რომლითაც ხალხი ქუჩებში მოძრაობს? მგრძნობიარე მოგზაურის მოგზაურობის მთავარი მიზანი მხოლოდ მოგზაურობა როდია, არამედ საკუთარ თავში გრძნობების განვითარება, ადამიანის შეცნობა და თანაგრძნობის გამოვლენის მცდელობა. ის ყველაფერში ცდილობს რაღაც ემოცია დაიჭიროს, ნებისმიერი რამ რაც მასში გააღვიძებს გრძნობებს და ამით ალბათ ცდილობს გვითხრას, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ბუნებამ გვიბოძა, ეს შეიძლება ითქვას ძღვენი, უნდა გამოვიყენოთ, ვახაროთ იმით რომ წვრილმანებშიც კი ისეთი რამ დავინახოთ რაც სიხარულსა თუ ნეტარებას მოგგვრის, ვინაიდან უბედურება ისედაც მრავლად არის ჩვენს გარშემო. ჩემი ყურადღება მიიპყრო იორიკის სიტყვებმა - ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ უდაბნოში აღმოჩნდებოდა იქაც იპოვიდა ისეთ რამეს რაც მის სულს ააფორიაქებდა. არა მარტო წვრილმანებში არამედ ადამიანებშიც კი ცდილობს ასეთი რამის პოვნას. მაგრამ განა როგორ უნდა ეცადო, რომ ადამიანის ნებისმიერი მანკიერი მხარის გამოვლინებაში რაღაც დადებითი დაინახო? ეს ფაქტიურად შეუძლებელია. განა შესწევს ერთ ადამიანს მეორის საქციელში იმდენივე ან უფრო მეტი კარგის დანახვა ვიდრე ცუდის? ცუდს თვალი მაშინვე დაგვანახებს, ეს მარტივია, აი კარგის დანახვა კი გაცილებით გვიჭირს და დიდ მონდომებას მოითხოვს ჩვენი მხრიდან. " რამდენიც არ უნდა ეცადო ყველაფერი პირუკუ გამოდის" - ამბობს ავტორი და ჩემი აზრით მართალიც არის. ადამიანს, რომელიც ცდილობს სხვის ცუდშიც კარგი დაინახოს ხშირად ფარულ ზრახვებში ვადანაშაულებთ და მისი გულრწფელობის ნაკლებად გვჯერა, ვინაიდან ადამიანის თვისებაა გაჰკიცხოს ის რისი უნარიც თვითონ არა აქვს. საინტერესო აღმოჩნდა პირადად ჩემთვის მთავარი გმირის შეხედულება გრძნობებსა და გონებასთან დაკავშირებით. ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის ვდგავართ ამ ორ მოცემულობას შორის და რაღაც წონასწორობის დაცვას ვცდილობთ, რაც საბოლოოდ ან ერთისკენ გადახრით სრულდება ან მეორისკენ და საბოლოოდ ბალანსსაც ვერ ვამყარებთ. ადამიანს როცა იმედი უცრუვდება გულით მიღებულ გადაწყვეტილებაში, ანუ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც გრძნობებს დააფუძნა ის გონებაზე გადაერთვება და ახლა მისი მეშვეობით ცდილობს მოაწესრიგოს ყველაფერი საკუთარ თავში. სენტიმენტალური მოგზაურობის გმირი კი შემდეგ რამეს ამბობს "მე ჩემი მხრივ არასდროს არ დამითრგუნია გულს მოწოლილი ბოღმა ისე, რომ სასწრაფოდ არ მიმეშველებინა სხვა რამ კეთილი და სათუთი გრძნობა, რათა მისსავე საუფლოში დამეძლია იგი". მაშასადამე გვეუბნება, რომ გულში აღძრულ ბოროტ ზრახვებს მასშივე აღძრული კეთილი ზრახვები უნდა დავუპირისპირპოთ და არ გონების ძალა, რომელიც ცდილობს, ცდილობს და არ გამოსდის შფოთვის დაცხრომა. ავიღოთ გული და გრძნობები, გრძნობნებს ხომ არავითარი კავშირი არ აქვთ გულთან, ეს ხომ უბრალოდ ლამაზი სიმბოლოა და მეტი არაფერი. გრძნობებიც ისევე როგორც აზროვნება ტვინში წარმოიქმნება, მაშასადამე გონებაც და გრძნობებიც ადამიანის ცნობიერების შემადგენელი ნაწილებია და როგორ გამოდის, რომ ურთიერთსაპირისპიროა? ისინი ურთიერთსაპირისპიროსა და ურთიერთგამომრიცხავს კი არა ურთიერთშემავსებელ ორ მოვლენას უფრო წარმოადგენენ. შევთანხმდით იმაზე რომ გონებით, გრძნობების გარეშე არ უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა, მაგრამ შეიძლება თუ არა მხოლოდ გრძნობებზე დაყრდნობით მოქმედება? -არა- და ავხსნათ რატომ. თუ ჩვენ იმ გრძნობებს, რომლებიც უზნეობისა და მანკიერებებისაკენ გვიბიძგებენ გონებას არ დავუპირისპირებთ მაშინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, როგორებიც უნდა ვიყოთ, ანუ მორალურად გაუმართლებელი ქმედებების ტყვეობაში ვიქნებით. მაშასადამე, უარყოფითი ემოციების კონტროლი გონების საფუძველზე უნდა მოვახდინოთ. დადებითი გრძნობები, მაგალითად სიყვარული, აქ როგორია გონების როლი? ავტორის აზრით ამ გრძნობასთან გონებას არანაირი კავშირი არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ დღეს და ძველადაც ამ გრძნობის საპირისპიროდ ითვლებოდა გონება, რომელიც უფრო ლოგიკურია და მატერიალურ საწყისებამდე დაჰყავს თითქმის ყველაფერი, ხოლო გრძნობები კი უფრო შინაგანი, სულიერია. ე.ი. სიყვარულს, როგორც სულიერს უპირისპირდება გონება როგორც მატერიალური და სწორედ ეს დაპირისპირებაა რაც აიძულებდა და აიძულებს ადამიანთა უმრავლესობას უარი თქვას შინაგანზე და გაცვალოს ის გარეგან კეთილდღეობაზე. თქვენვე გადაწყვიტეთ ამ დაპირისპირებაში რომელს მიაკუთვნებთ მთავარ როლს და მეორეხარისხოვანს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ გონება უკანა პლანზე უნდა იყოს როდესაც საქმე ეხება დადებით ემოციებსა და განცდებს. ისევე როგორ წიგნი ჩემი პრეზენტაციაც შეიძლება დაუმთავრებლად ჩაითვალოს, მაგრამ ერთი კი ფაქტია - ჩვენ ხელოვნურად გაფერადებულებს გვჭირდება რაღაც რათა გავიღვიძოთ როცა არ გვძინავს, და ეს რაღაც რატომ არ შეიძლება რომ სწორედ გრძნობები იყოს?

8 views0 comments

Comments


bottom of page