„დამესიზმრა... იღება კარი და შემოდის...
ვინ? - ის...
ვინ ის? - ის...“
დამესიზმრა... იხსნება ფარდა და ქრება შუქი...
„მეშვიდე ღამეა მესიზმრება, თითქო ამ კარით ბედნიერება მოდის...“
„განა ჩვენ ძილში გვესმის ხმა? განა ჩვენ ძილში ვხედავთ მას? და რასაც ჩვენ ვფიქრობთ, სიზმარია? მთელი ჩვენი სიცოცხლეც სიზმარია?!“
„იცით, მე თქვენ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ... დიახ, თქვენ... აი, თქვენ ყველას გღვიძავთ?! ჰო?! მეც მღვიძავს!.. მაგრამ იქნებ მე მძინავს და თქვენ მესიზმრებით, ჰმ?! როგორ აგიხსნათ... აი, რატომღაც მგონია... კი არ მგონია, დარწმუნებული ვარ, თეატრში კი არ ვარ... ეს თეატრის ასლია... დეკორაცია... მაკეტი... სადა ვარ?! ჰა?! იქა ვარ?! არ დამიმალოთ! ღმერთო სულ დავიბენი!..
სიზმარი... ის... ქარი... წყვდიადი... და მაინც ნათელი... თეატრი... დიდი თეატრი... დიდი ადამიანები... იქ... უკან... პატარა ადამიანები...
„წყვდიადი არ დასრულდება...“
ნეტარება... ბედნიერება... თავისუფლება... არ ვიცი, კიდევ რა სახელი დავარქვა იმ წუთს, როცა სპექტაკლის დაწყებამდე შუქი ქრება... წყვდიადი... თეატრის კვამლი... სუნი... ბედნიერების სუნი... იების სუნი... ლურჯი იები...
...თავისუფალი მე ვარ... თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რას ნიშნავს თავისუფლება... თავისუფალი მე ვარ... თავისუფლად შემიძლია სუნთქვა... შევისუნთქავ თეატრის კვამლს... თავისუფლება... თქვენ კი სული შეგეხუთებათ და ამ უბადრუკ სამყაროში დაიხრჩობით...
„თავისუფლება... თავისუფლება... თორემ თქვენი მოცემულია...“
როგორც ხედავთ, თავისუფლებამ შეიპყრო ჩემი სული, ეს კი სულ იმ პროექტის ბრალია, რომელიც რუსთაველის თეატრისა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო რობერტ სტურუას სპექტაკლის „ასულნი“ ჩვენება და შემდეგ გაიმართა მისი საჯარო განხილვა. ისეთი საღამო იყო, რომ გინდა აღარ დამთავრდეს, სულ ‘ლამპოჩკებით’ განათებული რომ ხარ ყველა მხრიდან... მაგრამ, ირგვლივ მაინც ბურუსია... წყვდიადი... თითქოს ამ ბურუსში ხარ ჩაძირული... ამ დროს სცენიდან გესმის: „წყვდიადი არ დასრულდება“. შენ კი გულში პასუხობ: იქნებ არც მინდა დასრულდეს ასეთი... პროექტის იდეისა და ორგანიზატორის, თსუ-ს პროფესორის დავით მაზიაშვილის მიერ შექმნილი წყვდიადი, თან ნათელიც რომაა და ბნელიც... თან რომ ყველაფერს დაგანახებს და თან რომ უფრო დაიკარგები... თან რომ ყველაფერია და თან არაფერი... თან რომ შავი ფონია და თეთრი პატარა წერტილი... სიყვარულიც არის და სიძულვილიც... თან რომ მშვიდობაა და ამავე დროს ომიც...
სპექტაკლიც ასეთივეა, ამ ყველაფერზეა ერთად... უზარმაზარი სამყარო იშლება ჩვენს წინაშე... და შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ, თუნდაც ერთი წამით... დიახ, ერთი წამიც საკმარისი იქნებოდა ისეთი დიდი ემოციებისთვის, რომ ფეხზე ამდგარიყავი და ამ ექსტაზით გარემოცულს რაღაც გეთქვა...
სპექტაკლში სულ 10 ქალი, 10 ასული თამაშობს. პარალელს ავლებენ სახარებისეულ 10 ქალწულთან, რომელთაგან 5 სულელია, 5 ჭკვიანი. სპექტაკლის განხილვის დროს კი ერთ-ერთმა მომხსენებელმა სამწუხარო რეალობას გაუსვა ხაზი, რომ სცენაზე მოთამაშე გმირებიდან არც ერთი არ არის ჭკვიანი და ასი ათასიც რომ იყვნენ, მათი ჭკუა ვირის ჭკუასაც ვერ მოერევა. ამ დროს თითქოს წყვდიადში ნათელი წერტილი ჩნდება... ამ ასულებში ხომ ყველამ ჩვენი თავებიც ვიხილეთ... გამოდის, ჩვენც სულელები ვართ... აი, სწორედ ეს გვაბედინებს, ავდგეთ და რაღაც ვთქვათ, თუნდაც სულელური... ნათქვამია: „ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს წმინდაი, ხოლო დუმილი ოქროი რჩეული“, მაგრამ ეს დუმილიც აღარ შეგვიძლია, შეუძლებელიცაა, როცა ისეთ სპექტაკლს ნახავ, როგორიც „ასულნია“.
სტერნს დავესესხები: „ჯანდაბას მუქი საღებავები... სულაც არა მშურს მათი უნარი გამოხატონ ცხოვრებისეული სიავენი ეგზომ კუშტი და მკვდარი ფერებით...“
დიახ... ჯანდაბას მუქი საღებავები... სპექტაკლი გენიალურია... პროექტში მოწვეულმა სტუმრებმა კი კიდევ უფრო მეტად აგვიხილეს თვალები... მე პირადად, ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი აღნიშნული სპექტაკლი და ყოველთვის მაინც ისე ვუყურებ, როგორც პირველად... ყოველთვის დიდი ემოციებით... მას შემდეგ თავისუფლება მწყურია...
ისევ სტერნის სიტყვები მახსენდება: „შეინიღბე, როგორც გენებოს, ჰოი მონობავ! მაინც მწარე საგემებელი ხარ! და თუმცა ათასობით ადამიანი იძულებული ხდებოდა ყველა დროში შეესვი შენ, მაგრამ სიმწარე ამით არ მოგკლებია. - შენ კი, სამგზის სანუკვარო და მადლმოსილო ქალღმერთავ, მივმართე თავისუფლებას, ყველა თაყვანსა გცემს აშკარად თუ ფარულად; თუ ერთხელ გიგემა კაცმა, რაღა დაავიწყებს შენს თავს, თუ თვით ბუნება არ გადასხვაფერდა - ვერავითარი სიტყვიერი ლაქა ვერ გასვრის შენს თოვლივით სპეტაკ საფარველს, და ვერც რაიმე ქიმიური ძალა შენს კვერთხს რკინად ვერ აქცევს“.
ღმერთო, სულ დავიბენი...
ეს სტერნი რაღატო მახსენდება?!.
ნუთუ სიზმარია ეს ყოველივე...
„რა ნელა გადის დრო...
რა ჩქარა გადის დრო...“ - ჩამესმის ასულნის ხმა...
მაგრამ მე არ მინდა საერთოდ გავიდეს დრო... ახლაღა გამახსენდა... რუსთაველის თეატრში ვზივარ...
სტერნიც იმიტომ გამახსენდა, რომ სპექტაკლიდან მიღებულ ემოციებს გავყევი...დავფიქრდი ჩვენს ყოფაზე... ადამიანებზე, რომელთაც ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ ძალდატანების გარეშე, რადგან ღრმად უყვართ თავისი მონური მდგომარეობა... მათ ასწავლეს, რომ უნდა შეიყვარონ ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობენ... სადაც ისეთ რაღაცებზე უნდათ გვაოცნებონ, რასაც ვერასოდეს ვეღირსებით, სადაც ადამიანები სიახლეებით გაბრუებულები დააბიჯებენ (ღმერთმა იცის, საიდან აქვთ ეს სიახლეც ათვისებული), სადაც სიცარიელეს ყიდიან და ადამიანებიც ყიდულობენ, სადაც ჩვენი სურვილები ჩვენ აღარ გვეკუთვნის, სადაც ჩვენი გაჩერება არავის არ აწყობს, რათა ფიქრისთვის დრო არ დაგვრჩეს... სადაც თეთრი ცხენი როლს როისის ჯიპმა შეცვალა, პრინცი - კოკა-კოლას გენერალურმა მენეჯერმა, ხოლო “ხრუსტალის” ფეხსაცმელი - ადიდასის წითელმა “ბოტასმა”...
„ისტორიამ ფერი იცვალა...
ფერისცვალება... ფერისცვალება...
დიახ... ყველაფერმა ფერი იცვალა...“
ფერები... მუქი ჩრდილები...
ყოველივე ამაზე საკმაოდ საინტერესოდ ისაუბრეს პროექტში მოწვეულმა სტუმრებმა. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ გამოთქმული იყო აგრეთვე კრიტიკული მოსაზრებებიც, მაგრამ, როგორც შილერი იტყოდა: „ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს“.
Comments