ერთმა საყვარელმა ადამიანმა მითხრა არასოდეს დაგეზაროს მადლობის გადახდა და მადლიერების ან სიყვარულის გამოხატვა, მაშინ მითუმეტეს, როდესაც ეს შენც ძალიან გინდა და მერე ნახავ შენც როგორ კარგად იგრძნობ თავსო.
ალბათ ამიტომ ვზივარ ახლა აქ და ვკითხულობ იმას, რასაც ვკითხულობ. დაწერილს წაკითხვა უფრო მიმარტივდება, წერისას უფრო მარტივად გადმოვცემ სათქმელს, ალბათ ამიტომაც ვწერ ძალიან ხშირად.
მე-8 კლასში ვიყავი უნივერსიტეტი პირველად რომ ჩავიფიქრე და მას შემდეგ ამეკვიატა. ვიცოდი, რომ აქ უნდა მოვსულიყავი, თუმცა ის არ ვიცოდი რა დამხვდებოდა, როგორი იქნებოდა. მხოლოდ ფიქრებში წარმოვიდგენდი და ვხატავდი შესაძლო რეალობას. მოვედი და ვერ გეტყვით ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა თუ არა. მარტო ის მახსოვს, რომ როდესაც უნივერსიტეტში პირველად ფეხი შემოვდგი ვიტირე. ბევრი გაიცინებს, მაგრამ კი, მე ვიტირე. ისევ ვიტირებ მგონია ამ რამდენიმე თვეში, როდესაც აქედან გავალ. უბრალოდ მჩვევია შევისისხლხორცო ის, რაზეც ვოცნებობ, რაც მიყვარს და რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.
უნივერსიტეტის პირველი დღეები, პირველი მეგობრები, ლექტორები, პირველი შუალედურები. პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯები სახლიდან შორს. არ მახსოვს, უფრო სწორად, მახსოვს მაგრამ არც ისე მნიშვნელოვნად პირველი წელიწად-ნახევარი უნივერსიტეტში. უაზროდ და ზომაზე მეტად ვნერვიულობდი და განვიცდიდი ყველა სიახლეს. შემდეგ კი სავალდებულო საგნების ჩამონათვალში ინგლისური ლიტერატურის ისტორიაც გაჩნდა. მოლოდინი ისევ რაღაც ახლის, ახალი საგნის, ახალი ლექტორის. მაგრამ ამ შემთხვევაში საგანმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა. პირველი წიგნი, რომელსაც შევეჯახეთ ეს „კენტენბერიული მოთხრობები“ იყო. გუშინდელი დღესავით მახსოვს ბათელი ქალის ამბის განხილვა პირველ სემინარზე, სადაც აზრთა სხვადასხვაობამ იმ დონემდე მიგვიყვანა, რომ სხვა საგნის სემინარებზეც მის ამბავს ვარჩევდით. ლექტორი ჩვენს კამათსჩუმად უგდებდა ყურს და შიგადაშიგ ეღიმებოდა. თავიდან ვერა, მაგრამ დღეს უკვე ვხვდები რატომაც ეღიმებოდა. ბათელი ქალის შემდეგ კი იყო ის, რის გამოც მართლა ღირდა უნივერსიტეტში მოსვლა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ. ეს შექსპირის უკიდეგანო სამყაროსთან შეყრა იყო. ჰამლეტი, მეფე ლირი, იულიუს კეისარი და თანდათან მივხვდი, რომ ამ ყველაფერმა რადიკალურად შემიცვალა ფიქრები, აზრები და ხედვა ზოგადად ყველაფერზე. შეუძლებელია შემთხვევით მოგეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არა მარტო ეხებოდე და კითხულობდე შექსპირს, არამედ ის უკვე გაცოცხლებული ნახო რუსთაველის თეატრის სცენაზე შენივე დროის ყველაზე დიდი რეჟისორის, რობერტ სტურუას მიერ. ეს საოცრება იყო, ენით აღუწერელი გრძნობა, როდესაც გავაცნობიერე, რომ ჯაჭვის ერთი რგოლო მეც ვიყავი ამ ყველაფერში. ამისთვის კი მადლობა ლექტორს, დავით მაზიაშვილს, რომელმაც თეატრი ლამის საკუთარ სახლად გვიქცია და რომელმაც მიმახვედრა, რომ ადამიანის შესაძლებლობები სურვილის შემთხვევაში უსასრულოა.
მსჯელობები, კამათები, დისკუსიები, სტუმრობები რუსთაველის თეატრს და შემდეგ ბუნებრივიცაა, რომ იცვლები დადებითისკენ, ვითარდები და იზრდები. უნივერსიტეტში მოსულმა გავაცნობიერე, რომ რობინზონ კრუზო ან თუნდაც გულივერის მოგზაურობა სულაც არ წარმოადგენდნენ ზღაპრებს და რომ სულ სხვა თვალით უნდა შემეხედა მათთვის. წიგნის, პერსონაჟების, ამბების სულ სხვაგვარი აღქმა, სადაც შემეძლო ჩემივე ინტერპრეტაციით დამესრულებინა ან გამეგრძელებინა ისტორიები. ყველაზე სულიერი და ცოცხალი საგანი, ინგლისური ლიტერატურის ისტორია, რომელმაც დამაწყებინა ფიქრი ისეთ საკითხებზე, რომლებზეც რომ არა ეს საგანი, ალბათ არასდროს დავფიქრდებოდი. როდესაც ეხები ჩოსერიდან მოყოლებული მე-20 საუკუნემდე პერიოდს, ფიქრობ სამყაროზე, ადამიანზე, ღმერთზე და შემდეგ ამ ყველაფერზე მსჯელობ, შენდაუნებურად პატარა ფილოსოფოსს ემსგავსები, რომელიც ცდილობს არა სხვის კვალს გაყვეს, არამედ რაღაც ახალი აღმოაჩინოს, იპოვოს და გაკვალოს. ზუსტად ხომ ფილოსოფოსობას მოითხოვდა ლექტორიც ჩვენგან. მინდა რომ იფილოსოფოსოთო, ძალიან ხშირად უთქვამს. ლექტორი, რომელიც ცდილობდა ჩვენი აზროვნება რაღაც გარკვეული, არსებული ჩარჩოებიდან გაეყვანა და სულ სხვა კუთხიდან გვემზირა, სულ სხვა კუთხიდან შეგვეფასებინა მოვლენები. ყოველთვის, როდესაც ამ საგნის სემინარებიდან გავდიოდი და ჩვენთვის განკუთვნილი 2 საათი იწურებოდა, სურვილი მიჩნდებოდა რაღაც დამეწერა, იმდენად ბევრ ემოციას და აზრს, ფიქრს ტოვებდა ეს ყველაფერი. მქონია მომენტები, როდესაც არსებული სივრციდან გავსულვარ ფიქრის საშუალებით და მიღმიერი სამყაროდან მიმზერია ამ სამყაროსთვის.
და ახლა, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ ინგლისური ლიტერატურის ისტორიასთან, ბოლოჯერ ვზივარ 208-ე აუდიტორიის საპრეზენტაციო სკამზე და აღვწერ ამ ორი წლის განმავლობაში დაგროვილ განცდებს და ემოციებს. ალბათ შეამჩნიეთ როგორ მებმის ენა, ხმა კანკალებს, პულსაციაც გაორმაგებული, მაგრამ უბრალოდ მომინდა ამ ფორმით გადამეხადა მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც იყო და რაც იყო, ის მართლაც რომ დაუვიწყარი, შეუფასებელი და შეუდარებელი იყო.
მადლობა Sunday Literature-ს.
Σχόλια