ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ადამი და ევა ვაშლით გამოძღნენ და საკუთარმა სიშიშვლემ შიში მოჰგვარათ. ისინი შეიმოსნენ და მას შემდეგ ასე დავდივართ-შენიღბულები. თითქოს ეს სამოსი ღმერთის მზერას ისხლეტდეს. არა, ჩვენ ვიცით, რომ ის ყველაფერს ხედავს, ეს თავად ადამიანები არიან ვისიც გვეშინია, ვისაც ვუმალავთ და განვარიდებთ საკუთარ სიშიშვლეს. ჩვენს ვაშლიჭამია წინაპრებს უპირველეს ყოვლისა ერთმანეთის შერცხვათ, შერცხვათ საკუთარი ფარული სურვილების და მისწრაფებებისა, რომლებიც ამხელდნენ, თუ ვისი ბრალი იყო ის, რაც მოხდა. შენიღბვა არაჩვეულებრივი იარაღია იმისთვის, რომ დანაშაული დამალო და შესაზარი არ გამოჩნდე. მოკლედ, კარნავალმა სათავე ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასაწყისში დაიდო. იქნებ ღმერთიც მაშინ მოკვდა (ეს რა თქმა უნდა ნიცშეანული და არა პირდაპირი გაგებით)? მეცხრამეტე საუკუნემდე ადამიანის ცხოვრება ღმერთის იდეაზე იდგა, სამოთხეში დაბრუნების იდეაზე. სამოთხეში, სადაც ღვთიური ნათელი ნიღბებს ადნობს. მაშ, რაღა საჭიროა კარნავალი? იქნებ გულის სიღრმეში, სადღაც ქვეცნობიერში ვგრძნობთ, რომ „ჩვენი სული ჩვენს სხეულზე ადრე მოკვდება“, როგორც ამბობდა ზარატუსტრა. რომ არავითარი განკითხვის დღე არ გველის და ეს მხოლოდ რელიგიური ბოდვაა მასების დასაშინებლად გამოგონილი. რომელი ადამიანი ჩაიდენდა ცოდვას, თუკი ეცოდინებოდა, რომ საშინელი სამსჯავრო ელის? თუმცა, შეკავებული ცოდვა რაღა მადლია, დასაქოქ ფორთოხლებად რომ გვაქცევს. საბოლოოდ ყველა მსჯელობა ჩიხში შედის. ეს ჩიხები რომ არა, არ იარსებებდა ხელოვნება. კაცობრიობის ეს აჩრდილი, რომელიც თავზარდაცემული აწყდება ხან ერთ, ხან მეორე ჩიხს-სინამდვილეში კი მოჯადოებულ ლაბირინთში ტრიალებს. ხელოვანი კი ცდილობს ძველი და ახალი მოვლენები ერთმანეთს დაუკავშიროს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტები შეაკოწიწოს და ერთიანი, თანმიმდევრული არიადნეს ძაფი გამონასკვოს. იქნებ გამოიყვანოს მომაკვდავი საუკუნის იმედგაცრუებული ადამიანები ამ ლაბირინთიდან. დიდი ხანია ლიტერატურა ამ ძაფს ართავს, მაგრამ საქმე ისაა, რომ იგი შუალედური პოზიციაა რეალობასა და მწერლის განსჯა-ვარაუდებს შორის. ეს არის შუალედური ფორმა შესაძლებლობასა და აუცილებლობას შორის. რეალობა ლაბირინთის გარეთაა, ლაბირინთში კი უამრავი ჩიხია. ერთ-ერთი ჩიხი შუა საუკუნეების ინგლისელი მწერლის, ჯეფრი ჩოსერის სახელობისაა, მისი პარალელური ჩიხი კი იტალიელმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინიმ დაისაკუთრა. მან თავისი ფილმით „კენტერბერიული მოთხრობები“ რეალობის ჩოსერისეული ინტერპრეტაციის საკუთარი ეპოქის გადმოსახედიდან გააზრება შემოგვთავაზა. მაგრამ რატომ მაინცდამაინც შუა საუკუნეები და რატომ ჯეფრი ჩოსერი? ეს ხომ ის პერიოდია, როცა ადამიანმა ინტენსიურად დაიწყო შეფუთვა და მზადება ისეთი დიდი კარნავალური ზეიმისთვის, როგორიც იყო რენესანსი. დიახ, სწორედ ამიტომ... რაც უფრო ინიღბები, მით მეტად ხელოვნური და არაბუნებრივი ჩანხარ და შენი შემხედვარე ივარაუდებს, რომ სულაც არ ხარ ისეთი, როგორადაც გამოიყურები, არამედ პირიქით-საპირისპიროს მალავ. ასე მოხდა ჯეფრი ჩოსერის შემთხვევაშიც. მან შეამჩნია, რომ შუასაუკუნეობრივი ტოტალურად ღვთისმოსავი და დოგმადამორჩილებული საზოგადოება შინაგანად აბსოლუტურად სხვა იყო-გახრწნილი, ღვთისმგმობი და ბოროტი. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ აღმოჩენა. ადამიანთა ცხოვრების კონტრასტულობისა და ამბივალენტურობის ლიტერატურაში დაფიქსირებამ თანამედროვე ადამიანს საშუალება მისცა აეხსნა, თუ რა ხდება ჩვენს თავს მეოცე თუ ოცდამეერთე საუკუნეში. რომ დღევანდელობა ლოგიკური შედეგია იმისა, რაც ხდებოდა იქ-დიდ კარნავალზე. თიხის ნიღბები დაიბზარა, დასკდა და მოგვცა იმპრესიონიზმი, კუბიზმი, სიურრეალიზმი, მოდერნიზმი, პოსტმოდერნიზმი... ოდესმე გინახავთ შიშველი ადამიანი? არა ევა სამოთხიდან გამოგდებული, არა ანტიკური მარმარილოს ქანდაკებები, არა პომპეის პორნოგრაფიული რელიეფები, არა რენესანსული, არა იმპრესიონისტული, არა სიურრეალისტური, არა ჰოლივუდური...არამედ ჩვეულებრივი, შეულამაზებელი, გაუფერადებელი, უმაკიაჟო ადამიანი-ეს პაზოლინისეული ადამიანია. შემზარავია, მაგრამ ეს ის არის, რასაც ალბათ ჯეფრი ჩოსერი წინასწარმეტყველებდა და პაზოლინიმ გააჟღერა: „სახეზეა სექსუალური აპათია, რომელსაც ახალი ერა მოჰყვება. დაიწყება ეპოქა, რომელიც ეროტიკას კომერციად აქცევს, ეპოქა, როცა სექსს გამოიყენებენ როგორც მონობის და არა როგორც სიამოვნების საშუალებას.“ ის, რაც პაზოლინიმ მოდერნისტულ ტრაგედიად აქცია, ჩოსერთან თავის შესაქცევად დაწერილი ძალიან მხიარული და სახუმარო ამბების კრებულია. თავად ავტორი ამბობს ფილმში, რომ „კენტერბერიული მოთხრობების“ მოყოლის ერთადერთი მიზანი წერით მიღებული სიამოვნება იყო. მაგრამ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ეპიზოდს, რომელზეც ისე გაგეცინებოდათ როგორც თავად პერსონაჟებს ეცინებათ და ერთობიან. ესეც დისტანციურ-აღქმითი ილუზია: კარნავალის მონაწილეებისთვის თავშეყრა ფრიად თავშესაქცევია, ჩვენთვის კი-ადამიანებისთვის, რომელთაც მწერლის ან რეჟისორის მიერ დამზადებული ჯადოსნური სათვალე გვიკეთია და კოსტიუმებშემოძარცვულ ბრბოს ვადევნებთ თვალს, ყველა იმ საიდუმლოს, რომელსაც მონაწილეები ერთმანეთს უმალავენ, ფარდა ეხდება. სწორედ ეს ქმნის კომიკურობას და ამავდროულად ტრაგიზმს. ფილმის ყურებისას არის მომენტები, როცა ფიქრობ: „არა, ასე არ შეიძლება, ეს ხომ ადამიანის დაცინვაა, საშინელებაა, საზიზღრობაა!“ საიდან მოდის ეს პროტესტის გრძნობა? იქიდან ხომ არა რომ შენს თვალწინ აშიშვლებენ შენს საკუთარ სხეულს. არა, უბრალოდ ტანისამოსს კი არ გხდიან (დღეს ნახევარი მსოფლიო შიშველი დადის), არა. იქამდე გძარცვავენ საკარნავალო სამოსისგან, სანამ ქვეცნობიერის რომელიღაც კუნჭულში ჩაცუცქულ შენს სულს არ მიანათებენ ფანარს. და ეს სული სწორედ ისეთი თვალებით შემოგაშტერდება პაზოლინის ფილმებში ხშირად რომ წააწყდებით. თვალებით, რომლებიც არსად იყურებიან; მზერით, რომელსაც ვუწოდებდი დახამებულ-ნასიამოვნებ-შეძრწუნებულ-ინტერესიანს მიმართულს ბოროტებისა და სიბილწისკენ. ეს ერთი შეხედვით სახუმარო ამბები სერიოზულ საფრთხეს შეიცავენ. უფრო სწორედ, მინიშნებას საფრთხეზე, რაც დღეს უკვე სახეზეა- თანამედროვე კაპიტალისტურ სამყაროში სიყვარულიც გათვლით ხდება. ადამიანის ყველაზე ინტიმურიც ნორმირებულია. შეამჩნევდით, რომ ფილმში ყველა ცოლ-ქმრული წყვილის მდედრობითი სქესის წარმომადგენელს ახალგაზრდა, თავქარიანი, სენტიმენტალური მამაკაცები მოსწონს. მაშინ, როცა ქმარი ყველას ისე ჰყავს შერჩეული, რომ მათი ცხოვრება სტაბილური და მშვიდი იყოს. ესეც ნორმები და გათვლები. კიდევ ერთი რამ, რაც საოცრად შემზარავს ხდის ფილმს არის მაწანწალას სიმღერა, მთელს სიუჟეტს რომ გასდევს-უმელოდიო, უხეში, ყროყინისმაგვარი ხმა, რომლის მოსმენაზეც უნდა გაგეცინოს, მაგრამ არ გეცინება. პირიქით, ჟრუანტელი გივლის და გული გეყინება. გული, რომლის თითოეული ძარღვი ცდილობს სიცივეს გაუმკლავდეს-ალბათ ამიტომ იწყებს სისხლი სწრაფად მოძრაობას და ამას ვეძახით პულსის აჩქარებას. მაგრამ იქნებ ესეც ნიღაბია? იქნებ სულაც არ თანავუგრძნობთ ამ ადამიანებს და ეს მხოლოდ პოზაა? ესეც პაზოლინის ჩიხი... და ბოლოს, მახსენდება ეშმაკისადმი მიმართული სიტყვები ფილმიდან: „შენ ის გერგება, რასაც ადამიანები თავისი ნებით მოგცემენ.“ ასე რომ, მოდით ნუ დავაბრალებთ ყველაფერს ჩვენს ბუნებას და ქვეცნობიერს, რადგან არჩევანის შესაძლებლობას ეშმაკიც კი გვაძლევს.
Comments