top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

სოფო გელიაშვილი - ჩოსერს + შექსპირი

Updated: Mar 31, 2020

შანტეკლერის ყივილმა გამაღვიძა, არა, შანტეკლერის ყივილმა ყველა გამოგვაღვიძა... ისევ ბედისწერასთან ჭიდილი... ახდება მისი სიზმარი? ეს არავინ იცის, მისი სიზმარი შესაძლოა ახდეს ან არ ახდეს, მაგრამ ეს ჩვენს თავზე მაგალითად არ გამოგვადგება... ინტრიგაც ამაშია, შანტეკლერის სიზმრის ახდენა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს სვამს, ვიდრე მისი არ ახდენა დასვამდა, ხოლო ნახევრად ასრულება კითხვის ნიშანთან ერთად უამრავ სხვადასხვა სასვენ ნიშანს აჩენს. კალფურნიამაც ხომ წამოიძახა ძილში სამჯერ: უშველეთ კეისარს კლავენო. ჩოსერმა იცოდა, რომ ჩვენ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით, კიდევ უამრავ განზომილებასა და მოცემულობებს ვართ მინდობილნი, რომლებიც მცირე თავისუფლებას გვიგზავნიან ჩვენი ბედის ან მოქმედებების სამართავად. ეს ყველაფერი შექსპირმა კიდევ უფრო მეტად იგრძნო და ამ მოცემულობათა ხლართებში გასაძრომად ჰამლეტს გონება მისცა, რომელმაც უამრავი ხლართი გაწყვიტა და გაიფანტა სამყაროს ყოველივე არსებულ ქმნილებაში. მან სძლია ყოველივეს, მეფესაც კი... თეზევსს შესაძლოა ჰამლეტი მოსწონებოდა კიდეც, ის ხომ სამართლიანად მეფობდა და დასამალიც არაფერი ჰქონდა. ჩოსერმა მეფის მეფური მდგომარეობა გვიჩვენა, სხვანაირად არ შეეძლო, შექსპირს კი სხვანაირად ნამდვილად შეეძლო, ამიტომ კლავდიუსმა ძმა მოკლა მეფობის მოსაპოვებლად, რიჩარდმა კი გამოჩენისთანავე გვამცნო რომ ,,არა რა” ჰქონდა ერთმანეთთან შეფერებული ,,ცოცხალთა შორის ნაადრევად მუცლით ნასხლეტს.’’

მეფეს სჭირდება დედოფალი, თუმცა გერტრუდა იპოლიტას არ გაქვს, ის უფრო ბათელი ქალის ერთ-ერთი სახის გამოვლინებაა. ბათელმა ქალმა ქალის თითქმის ყველანაირი მდგომარეობა მოიცვა: ამოეფარა ეკლესიას და რელიგიას, იბრძოლა ძალაუფლებისთვის, უარყო ხალხის აზრი და გავლენა ინდივიდზე და მიყვა ინსტინქტებს. ინსტინქტებს მიყვა გერტრუდაც, ძალაუფლებისთვის იბრძოლა ლედი მაკბეტმა, ხალხის აზრი უარყო და აჯანყდა კორდელია, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გაეცა პასუხი იმას, თუ რა სურდათ სინამდვილეში ქალებს. ისინი ისეთივე გაურკვეველნი დარჩნენ, როგორც დორიგენეს მიერ ავრელიუსის მისამართით ნათქვამი გადაკრული სიტყვები. რაინდები კი ყოველთვის ამ გაურკვეველი ქმნილებებისათვის იბრძოდნენ, ისინი ბრუვდებოდნენ, გონებას კარგავდნენ მათი სურვილით შეპყრობილნი. მათი აღტაცება იმდენად ძლიერი იყო, რომ სიკვდილსაც არ უშინდებოდნენ, ისევე როგორც სურვილით შეპყრობილ რომეოს და ჯულიეტას არ გასჭირვებიათ ამ სამყაროდან გაქცევა, თუმცა ჰამლეტი ამას არასდროს გააკეთებდა, მან ზუსტად იცოდა რომ საყვარელი ქალის ადგილი მხოლოდ მონასტერში იყო. ,,მონასტერმა” უნდა ,,შეიფაროს’’  მოღალატეები, თუმცა საკმარისი ადგილი არ არის: მხოლოდ ჰამლეტს მთელმა ქვეყანამ უღალატა, ლირს ორმა ქალიშვილმა, ხოლო რიჩარდმა კი მთელ ქვეყნიერებას.

სად არის ამ დროს ნათელი, სუფთა გონების ძალა? ალბათ ეს გონება ისევ ბათელ ქალს ყავს დატყვევებული, თუმცა ერთ დღეს ის აუცილებლად უთავაზებს სილას ყველას, მაგრამ ტკბილი სიტყვის მეშინია, ის ისევ ყველაფერს ძველ კალაპოტს დაუბრუნებს, ახალს არაფერს შექმნის. ახლის შექმნა ყველამ სისხლიან გზაზე გავლით სცადა, ჩვენც ასე ვართ, სუფთა ფურცელზე პირველი სიტყვის დაწერა გვიჭირს, რადგან სუფთა ფურცელს შინაგანი სისუფთავეც უნდა ერთვოდეს, ისე ვერაფერს იტყვი, ვერაფერს დაწერ... სისხლმა სისხლი წარმოშვა და ლედი მაკბეტი სულაც არაა ძლიერი ქალი, ის არაფერია, იმიტომ რომ თავად ძალაუფლების იდეაა – არაფერი. ამ გზაზე მიმავალი ყველა ხელმოცარული რჩება, ამას არასდროს გაუმართლებია, არც არასდროს გაამართლებს, იმიტომ რომ საბოლოოდ მაკბეტი აუცილებლად შეიშლება ჭკუიდან, ედმუნდი პასუხს აგებს მამის თვალების გამო, კლავდიუსი კი ჰამლეტის დაშნას ვერასდროს აიცილებს. სად არიან ამ დროს მეგობრები? ისინი აქვე ახლოს არიან და მგონი ყველა მათგანს დაშნა გაუმზადებია. უკვე მარტის იდებია, თუმცა ამას აზრი არ აქვს, რადგან როზენკრანცი და გილდესტერნი მკვდარნი არიან.





25 views0 comments

Comments


bottom of page