ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, თუ ყოფა, რომელიც არყოფნას უდრის. ან უბრალოდ ყოფა, როგორც ჩვევა და ყოველდღიურობა. მაგრამ, როდესაც შენი გაწერილ-დაგეგმილი ცხოვრება, როგორც დანიის პრინცის ირღვევა, ირკვევა დიდი საიდუმლო და გეკისრება კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, აღადგინო სამართლიანობა, იძიო შური. როგორ იქცევი? რას აკეთებ? სად არიან ემოციები? რას გკარნახობენ? რა მოსდის შენს ყოფას? . .
საუკუნეების განმავლობაში უამრავ რეჟისორს, დრამატურგს, მსახიობს, აღელვებს, აფიქრებს, ალბათ, აშინებს კიდევ საოცარი წონასწორობა, რომელიც მთელ პიესას გასდევს რეფრენად- წონასწორობა ადამიანის განცდათა ობიექტებსა და გონებრივ მდგომარეობას, ან იქნებ მედიტაციას შორის, ერთგვარი ბალანსი რეალურსა და წარმოსახვით სამყაროებს შორის . და ჩნდება ყოველთვის ახალი ინტერპრეტაცია, იმის მიხედვით, თუ რას უფრო ხედავს რეჟისორი-ჰამლეტის წარმოსახვას, თუ მის ირეალურ სამყაროს. ეს უკანასკნელიც ხშირად ისეთი ცხადია- ჩვენ ხომ ყველას გვყავს ჩვენი ‘’მოჩვენება’’- ის, ვინც არ გვინდობს და გვაიძულებს ღიად ვებრძოლოთ საკუთარ შიშებს, გადაწყვეტილებები მივიღოთ, მაშინ როდესაც არავინაა რჩევის მომცემი. ჰამლეტს მისი სიმარტოვე აიძულებს იფიქროს, იფიქროს და შედეგად ვიღებთ უდიდეს ინტელექტუალურ აქტივობას და უარყოფას აქტიური ქმედებისა. კოლრიჯი ამბობს: „ადამიანი მხეცისგან იმით განსხვავდება, რომ აზროვნება აჭარბებს გრძნობებს“. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც აჭარბებს აბსოლიტურად ყველა რაციოს ერთად აღებულს. ეს არის ადათი. წესი, რომელიც უნდა შესრულდეს, სისხლი, რომელიც უნდა დაღვარო, შური, რომელიც უნდა იძიო, რადგან მემკვიდრე ხარ და შენი ყოფაც, შენ არ გეკუთვნის.
ჰამლეტის ეგზისტენციალური ტრაგედია განსაკუთრებით მნიშვნლოვანია მსოფლიო თეატრის ისტორიაში. თუმცა, სანამ უცხოენოვან დადგმებს მიმოვიხილავთ, მინდა აღვნიშნო ცნობილი ქართველი რეჟისორის „ჰამლეტი, ანუ არაფერი ზედმეტი“ .. სწორედ ასე უწოდეს, რობერტ სტურუას „პოემას“. დიახ, დიახ, როგორც რეჟისორმა თქვა, მან ფინალში ამბის დასასრულის არა ცხოვრებისეული, არამედ პოეტური ლოგიკა აირჩია და ,შესაბამისად, ჰამლეტიც პოემად დადგა. რეჟისორის პოსტმოდერნისტული ხედვის გათვალისწინებით სპექტაკლში ნაკლები ყურადღება ექცევა მსახიობთა ასაკს, გარეგნობას. თითოეული პერსონაჟის ვიზუალური მხარე მხოლოდ და მხოლოდ მისი საკუთარი მსოფლმხედველობის აღმნიშვნელია და არა პოემაში აღწერილი მოდის. ამიტომ გვგონია, რომ გერტრუდა და ჰამლეტი თანატოლები არიან, ამიტომ აცვია პოლონიუსს უბრალო შავი, ოფელიას კი თეთრი ტანისამოსი. სპექტაკლი დაცლილია წოდებათა და თანამდებობათაგან, გვრჩება ადამიანური განცდების კრებული, ბილწი მეფის, თუ უმანკო ქალიშვილის. ყველა ეს განცდა საოცრად ცოცხალია და პირდაპირ აღწევს მაყურებლამდე. თანამედროვეობას მორგებული ანალიზი სცდება შუა საუკუნეების დრამას და ჩვენს მეზობლად აგრძელებს ცხოვრებას. განსაკუთრებით აღსანიშნია, ალბათ, მუსიკა, რომელიც სპეციალურად სპექტაკლისთვის გია ყანჩელმა დაწერა. სწორედ მუსიკის წყალობით ვიღებთ ერთიან, შეკრულ ნაწარმოებს, სადაც თითოეული ნაბიჯი, ნახტომი თუ სხვა მოძრაობა თავის პირად, უნიკალურ ასახვას პოვებს, ხმოვანდება და მუსიკალურ დრამატიზმს იძენს. თავისუფალი დეკორაცია კი, რომელიც არც ერთ ეპოქას არ ასახავს, თითქოს გეუბნება, ჰო, ეს იყო, არის, და იქნება. ეს ამბავი არ დამთავრებულა, მთავრდება სპექტაკლი, მხოლოდ და მხოლოდ სპექტაკლი.
მსოფლიო მასშტაბი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ორიგინალური დადგმა პიტერ ბრუკს ეკუთვნის. „ვფიქრობ, თანამედროვე ჰამლეტს შეუძლია ბევრი ისეთი რამ თქვას, რაც დამალული იყო და დღემდე არ განიხილებოდა“. თავისი შეხედულების დასამტკიცებლად რეჟისორმა ინტერნაციონალური სამსახიობო დასი შეკრიბა, პიესის ერთი მესამედი შეკვეცა, დადგმა პრ საათ-ნახევრიანი გახადა და რამდენიმე სცენსაც კი შეუცვალა ადგილი, მაგალითად ცნობილი ყოფნა-არყოფნის სცენა უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე შექსპირთან. 8 მსახიობი, ორი წითელი ხალიჩა, რამდენიმე ბალიში, ორიც სკამი, ასეთი მინიმალუსტური დეკორაციის ფონზე ძირითადი აქცენტი, რა თქმა უნდა, მსახიობების თამაშზე გადადის. ბრუკი აღნიშნავს, რომ მისი ჰამლეტი არ არის პოლიტიკური ელფერის მქონე დადგმა, როგორც სტურუასთან, აქაც მთავარი ადამიანის, დაბნეული ადამიანის მეტამორფოზებია. თუმცა, ჩემი აზრით, პიესის მთავარი გმირი საკმაოდ თავდაჯერებული და ირონიული პრინცია. მან კარგად იცის, რა ელის, მას გააზრებული და დამარცხებული აქვს სიკვდილის შიში, ამიტომ დაუღალავად დასცინის ყველაფერს, უკვე წარმავალს და მიტოვებულს. ცდილობს გაგვანდოს, რაღაც ისეთი გაგვანდოს, რაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ არაა დარწმუნებული რომ მივხდებით, გავუგებთ. როცა ცდის, და ერთადერთ მეგობარს, ოფელიას გაანდობს, ღუპავს, და კიდევ უფრო მარტო რჩება მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სცენაზე ხდება ზუსტად ის, რაც ცხოვრებაში და ცხოვრებაც აისახება იქ, სადაც შენ არ ხარ, მაგრამ არიან საკმარისად კარგი მსახიობები იმისთვის, რომ შეგახსენონ, ამ ყოფას აუტანელი სიმსუბუქის ბედი ჰქონდა შუა საუკუნეებში, აქვს დღეს და ექნება კიდევ დიდხანს. მაგრამ მანამდე ტაში. სცენა. და ფარდა.
Comments