top of page
Search
Writer's pictureSunday Literature

სალომე დავითულიანი - ჰამლეტიანი

Updated: Apr 4, 2020

ფოტო: ნანუკა ჯაფარიძე




იყო და არა იყო რა, ბანკირზე უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი ბანკირი, ყველაზე მეტად ჰალსტუხიანი სხვა ჰალსტუხიანთა შორის. ის ყოველდღიურად ასრულებდა თავის მოვალეობას. დილით ადრე დგებოდა, ჰალსტუხს აწესრიგებდა, კისერზე ირგებდა, ბანკში მიდიოდა, დღის განმავლობაში ისწორებდა, იმოწმებდა ხოლმე, საღამოს სახლში დაბრუნებული, კვლავ აწესრიგებდა, გადაკიდებდა დილისთვის გამზადებულს და მშვიდად იძინებდა.

ყოველდღე ასე მეორდებოდა და ჩვენი, სხვა ჰალსტუხიანთა შორის ყველაზე მეტად ჰალსტუხიანი, ბედნიერი და კმაყოფილი იყო ცხოვრებით, ის ხომ განსაკუთრებით მოწესრიგებულად ითვლებოდა მთელს ბანკში, სადაც მისნაირები მუშაობდნენ.

წერა რომ გავაგრძელოთ, უნდა დავიწყოთ ,,მაგრამ''-ით და რაღაც დავმართოთ ჰალსტუხიანს, რაღაც ისეთი, რაც ჰარმონიას დაურღვევს. ეს ისე, ჩანართი, ვაგრძელებთ ,,მაგრამით''-ით.

მაგრამ, ერთ მზიან დღეს (მზიანი დღე=ბედნიერი დღე), ჰალსტუხიანს საიდანღაც ''ჰამლეტი'' ჩაუვარდა ხელში (ნუ იფიქრებთ, რომ ჰამლეტი საიდანმე ჩამოვარდა), შემთხვევით აღმოაჩინა წიგნების თაროზე. გაოცებული ჰალსტუხიანი ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო, ''ასეთი შემთხვევა მანამდე არ ჰქონია პრაქტიკაში'', საგონებელში ჩავარდნილმა, გადაწყვიტა გადაეშალა და გაეგო რა ეჭირა ხელთ, მას ჩვევად ჰქონდა ყველაფრის მოწესრიგება და ისე როგორ მოაწესრიგებდა თუკი არ ეცოდინებოდა რასთან ჰქონდა საქმე.

ბევრი იფიქრა თუ ცოტა ჩვენმა ჰალსტუხიანმა, გადაწყვიტა წაეკითხა და წაიკითა კიდეც ხელთჩავარდნილი ''ჰამლეტი''. საოცრება მოხდა. ვერც კი ხვდებოდა ისე დაიწყო ფიქრი. ყველგან ფიქრობდა:სახლში, ყვითელ ავტობუსში, გზაში, ბანკში და ყველაზე დიდი საოცრება, ჰალსტუხის მოწესრიგების დროსაც კი ჰამლეტზე ფიქრობდა. დროთა განმავლობაში ეს ამბავი აშკარად შეეტყო ჩვენს ბანკირს, მისი ჰალსტუხი ბოლო დროს არც ისე მოწესრიგებული იყო ხოლმე.

რამდენიმე კვირა გავიდა და ყველამ შეამჩნია რომ ჩვენი ბანკირი სხვანაირი ხდებოდა. ჯერ იფიქრეს დეპრესია აქვსო (რაც ხშირად ემართებოდათ მასთან სამსახურში, მიზეზს კი ვერ იგებდნენ ვერასდროს), მერე ისიც კი იფიქრეს, შეუყვარდა ვინმეო (რაც, დროის უქონლობის გამო, იშვიათად ემართებოდათ ხოლმე). ბოლოს რომელიღაცამ თქვა მგონი კითხვა დაიწყოო და თავი დაანებეს.

ჩვენი ბანკირი კი ფიქრობდა და ფიქრობდა, თუკი ვინმე გაესაუბრებოდა, მაშინვე ჰამლეტზე იწყებდა ლაპარაკს. ბოლოს ყველა შეეშვა, ვერავინ გაუგო რა უნდოდა, რა ჰამლეტი რის ჰამლეტიო. ჩათვალეს რომ გააფრინა (ფრანი არა, ისე, გონება აერია). თან მისი ჰალსტუხიც აღარავის მოსწონდა,ზედმეტაც ძველმოდური და გახუნებული იყო.

დრო რომ გავიდა და უფრო მეტი იფიქრა, მიხვდა რომ არც ისე კარგად იყო და მიზეზი იცით რა აღმოაჩინა? ჰალსტუხი უჭერდა, უჭერდა საშინლად, ლამის დაახრჩო ერთ დღეს. გასაგებიცაა, ჰალსტუხი ხომ ჰამლეტზე ეჭვიანობდა და გადაწყვიტა ბოღმა ბოლომდე გადმოენთხია, თუმცა ბანკირი რის ბანკირი იქნებოდა, რამეს რომ ვერ მიმხვდარიყო და სწრაფადვე მოიშორა ჰალსტუხი, მაგრამ, იყო რაღაც, რასაც სულ დაატარებდა ხოლმე.

ასე იქცა ჩვენი ჰალსტუხიანი, ჰამლეტიანად.


      

15 views0 comments

Comments


bottom of page